კრიმინალიმოგზაურობასაბერძნეთი

ათენი ევროკავშირის ყველაზე სახიფათო ქალაქებს შორისაა: „ღამით არ იაროთ“ – INSIDER

სიღარიბე, ნარკოტიკები და ქურდობა ათენში – „ღამით ცენტრში გადაადგილება არ შეიძლება“. საბერძნეთის დედაქალაქში სტუმრები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მთავარი პრობლემები და რაიონები, სადაც… ყოფნა სახიფათოა – რას წერს ბერძნული „ინსაიდერი“.

ევროპა, უდავოდ, ყველაზე უსაფრთხო კონტინენტია ჩვენს პლანეტაზე, თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ საფრთხე არ არსებობს. სინამდვილეში ზოგიერთი ევროპული ქალაქი შეიძლება საკმაოდ საშიშიც კი იყოს და ადგილობრივები და მოგზაურები იქ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. დანაშაული, კანონდარღვევები, კორუფცია, ცხოვრების ხარისხი და სამართალდამცავი ორგანოები არის ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც ადამიანების უსაფრთხოების განცდის მოზაიკას ქმნის.

„შეიძლება დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ შესანიშნავი ხედების, გრანდიოზული მოკირწყლული ქუჩებისა და ისტორიული ძეგლების რომანტიკული ბრწყინვალების მიღმა ზოგიერთმა ევროპულმა ქალაქმა ბნელი მხარის მქონე ადგილის რეპუტაცია დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ადვილად შეიძლება აჰყვეთ ისეთი ქალაქების მონახულების რომანტიკულ ხიბლს, როგორიც პარიზი ან ათენია, ნამდვილად ღირს, იცოდეთ, რომელი რაიონები უფრო საშიშია ამ ქალაქებში სხვებთან შედარებით, – ნათქვამია Way To Stay-ს კვლევაში. – საფრთხე სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: ტერორისტული თავდასხმა, თაღლითობა, სტიქიური უბედურება და დანაშაულებრივი საქმიანობა. რა უსაფრთხოც არ უნდა იყოს ქალაქი, მოგზაურობა ყოველთვის გარკვეულ რისკს უკავშირდება. მსოფლიოში არ არის ისეთი ადგილი, სადაც საერთოდ არ არსებობს დანაშაული, თუმცა ზოგიერთ ქალაქში ძალადობრივი დანაშაულების დონე გაცილებით მაღალია“.

სიღარიბე, ნარკოტიკები და ქურდობა ათენში

იტალიის სახელგანთქმულ დედაქალაქ რომის მცხოვრებთა მხოლოდ 38% მიიჩნევს უსაფრთხოდ თავს ქუჩებში ღამის საათებში. მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება – რომი გასულ წელს ევროპის ყველაზე სახიფათო ქალაქად დასახელდა. ევროპული ანგარიშის თანახმად, რომელსაც Visit World ეყრდნობა, რომი ევროპის ყველაზე სახიფათო ქალაქების სათავეშია. მეორე ადგილი დაიკავა საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 40% გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მესამე ადგილზე საფრანგეთის ქალაქი მარსელია, სადაც ღამის საათებში თავს უსაფრთხოდ მხოლოდ მოსახლეობის 43% მიიჩნევს.

როდესაც ტურისტებს ესმით სიტყვა „ათენი“, ისინი ფიქრობენ ოლიმპოს 12 ღმერთზე, მითოლოგიაზე, აგრეთვე, უძველესი დროის დიდ ფილოსოფოსებზე, რომლებმაც სამარადისოდ ჩაწერეს თავიანთი სახელები ოქროს ასოებით კაცობრიობის ისტორიაში და კაცობრიობა მათ ბევრს უნდა უმადლოდეს მეცნიერებაში, ხელოვნებასა და კულტურაში. ამავე დროს, ათენი არის დემოკრატიის სამშობლო, მაგრამ ახლა, მიზეზთა გამო, მისი ზოგიერთი უბანი არც თუ სახარბიელოდ ჩანს უსაფრთხოების კუთხით.

ფრთხილად – ჯიბის ქურდები!

კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა  არალეგალური მიგრანტების მოზღვავების გამო 2015-2023 წლებში, „მაგრამ მთავარი, რისაც უნდა გეშინოდეთ – ეს არის ჯიბის ქურდები და წვრილმანი თაღლითობა ტაქსების და რესტორნების ანგარიშებთან დაკავშირებით. ათენი ისევ ბრწყინვალე ქალაქია მოსანახულებლად, თუმცა უმჯობესია ფრთხილად იაროთ“, – აღნიშნულია Visit World-ის სტატიაში.

„ცენტრში ღამით ვერ გადაადგილდები“

„როცა ევროპის ყველაზე საშიშ ქალაქებზე ვსაუბრობთ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენს ვერ დავივიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელგანთქმული ქალაქი ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი ძეგლებით, ის ასევე ცნობილია ზოგიერთი საშიში (აკრძალული) ზონით, რაც მას სახიფათო ქალაქად აქცევს. რაც შეეხება უსაფრთხოებას ათენში, აღსანიშნავია, რომ ღამის გასეირნება არ არის რეკომენდებული გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით ომონიასა და პატისიაში. ასევე, საშიშია გარკვეული ვიწრო ადგილები მონასტირაკიში“, – აღნიშნულია სტატიაში და განსაკუთრებით ხაზგასმულია ერმუ, ფსირი, მთლად სინდაღმის მოედნამდე.

„ათენი ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით, მაგრამ ეცადეთ, რომ მარტო არ ისეირნოთ, თუ ღამის საათებში გარეთ გასვლას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი სერიოზული დანაშაულები, როგორიცაა შეიარაღებული თავდასხმა და მკვლელობა, საბერძნეთის დედაქალაქში ერთეულ შემთხვევებში ხდება, უნდა უფრთხილდეთ წვრილმან ქურდებს, როგორიცაა ჯიბის ქურდები და ჩანთების გამტაცებლები, რომლებიც ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებში დაეხეტებიან, თანაც ყველა ასაკის არიან: მოხუცებიდან დაწყებული პატარა ბავშვებით დამთავრებული. ასევე, რამდენიმე უბანში, განსაკუთრებით ცენტრში, ხშირად შეხვდებით ნარკორეალიზატორებს, ანარქისტულ ჯგუფებს და სხვადასხვა ჯურის თაღლითებს, ამიტომ მარტო ნუ ივლით, ყოველთვის ჯგუფურად ისეირნეთ საკმარისი რაოდენობის ადამიანებთან ერთად და მოერიდეთ საშიშად ცნობილ ადგილებს ღამით და დილით ადრე“, – აღნიშნულია სტატიაში.

აქვე დავძენთ, რომ საშიშ რაიონებად, აგრეთვე, მიიჩნევა ათენის აგლომერაციის ჩრდილოეთით მდებარე რაიონები – ახარნესი (მენიდისი), ანო ლიოსია, სადაც ბევრი ბოშა ცხოვრობს, რომლებიც საბერძნეთში ძნელია კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩავთვალოთ. ქურდობის, ძარცვისა და თაღლითობების გარდა მათი წარმომადგენლები აქტიურად მისდევენ ნარკოვაჭრობას.

სახიფათო ადგილებს შეიძლება მივაკუთვნოთ ექსარხიის რაიონიც, მაგრამ ბოლო წლებში ანარქისტების მიერ მოწყობილი არეულობების გამო რაიონში პოლიციის დიდი ძალების განლაგების წყალობით კრიმინალური სიტუაცია რამდენადმე გაუმჯობესდა, თუმცა უსაფრთხოაო, მაინც ვერ ვიტყვით. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ანარქისტებმა და მათთან მიკედლებულმა ხულიგნებმა არეულობები მოაწყონ და მშვიდობიანი მოქალაქე შესაძლოა პოლიციასა და ანარქისტებს შორის შეტაკებების ცეცხლქვეშ მოყვეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close