კრიმინალისაქართველო

„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდადებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გამოუშვეს – რის საფუძველზე გათავისუფლდა პატიმარი

„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდადებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს. დეკანოზს პატიმრობის სრულად მოხდამდე დაახლოებით 1 წელი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი.

თავდაპირველად ინფორმაცია მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ Facebook-ით გაავრცელა.

მოგვიანებით დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამაც დაადასტურა ეს ინფორმაცია. გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზი საპატიმროდან ე.წ. უდოს, ანუ პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.  საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. მაშინ დომინირებდა მოსაზრება, რომ დეკანოზი პატრიარქის მოწამვლას ცდილობდა, თუმცა პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

რამდენიმე დღის წინ, 10 თებერვალს მედიაში გავრცელდა ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, შორენა თეთრუაშვილის წერილი, რომელშიც საპატრიარქოს წარმომადგენელი თანხმობას გამოთქვამდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შესცვლოდა. შორენა თეთრუაშვილის მიერ ხელმოწერილი წერილი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება და ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

14 თებერვალს კი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საპატიმრო დატოვა.

მანანა ბანძელაძე

„მე ვარ სამიზნედ!“ – ილია მეორე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close