ესპანეთის პოლიციამ 133 „ჯორი“ დააპატიმრა – გაუვნებელყოფილია კიბერდანაშაულებრივი ჯგუფი (ვიდეო)
ესპანეთის ეროვნული პოლიციის განცხადებით, ბრაზილიის ფედერალური და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მონაწილეობით ინტერპოლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაუვნებელყოფილია ორგანიზაცია, რომელიც ინტერნეტბანკის მომხმარებლების კომპიუტერებს ავირუსებდა.
განცხადებაში ასევ აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა კიბერთავდასხმები, ვირუსული პროგრამა „გრანდორეიროს“ გამოყენებით, ბრაზილიიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე განახორციელეს, განსაკუთრებული აქცენტი კი ესპანეთზე გაკეთდა.
გამოძიების ფარგლებში, რომელსაც ბრაზილიელი სამართალდამცავები აწარმოებდნენ, ესპანეთში დაკავებულია 133 პირი, ბრაზილიაში კი – ჯგუფის ხუთი ლიდერი. ესპანეთში დაკავებულები მოქმედებდნენ, როგორც „ჯორები“ (mules), რომლებსაც მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ფულის აღება ევალებოდათ.
პოლიციის ცნობით, კრიმინალურმა ორგანიზაციამ მხოლოდ ესპანეთში 5 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი მისმა მოგებამ შესაძლოა 120 მილიონ ევროს გადააჭარბა.
„ვირუსული პროგრამა „გრანდორეიროს“ მეშვეობით ხდებოდა ესპანური და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების, განსაკუთრებით ბრაზილიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და მექსიკის ათასობით ინტერნეტბანკის მომხმარებლის კომპიუტერულ მოწყობილობებში უკანონოდ შეღწევა“, – ნათქვამია ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიბერთაღლითები, კომპიუტერებზე წვდომის მისაღებად, ბანკების სახელით აგზავნიდნენ ელექტრონულ შეტყობინებებს, რომლის გახსნის შემთხვევაში კომპიუტერებში ვირუსს აყენებდნენ. ამით ისინი მსხვერპლის თანხებზე იღებდნენ წვდომას იმ პერიოდში, როდესაც კლიენტის ინტერნეტბანკის ფანჯარა გახსნილი იყო და ამ დროს მისი საბანკო ანგარიშიდან თანხებს ხსნიდნენ.
ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, როგორ ატარებენ ისინი ჩხრეკას ერთ-ერთ შენობაში და აღნიშნულია, რომ ორი წლის განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქსელის 133 წევრი დააკავეს. გამოძიება 2020 წელს, ვირუსული პროგრამის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო და ბოლო დღეებში ბრაზილიაში კრიმინალური ჯგუფის ლიდერების დაპატიმრებით დასრულდა.
წყარო: ESN
კომენტარები