ვიდეოეკონომიკაიტალიასაბერძნეთი

იტალიელი ფერმერები რომისკენ 200 ტრაქტორით დაიძრნენ – რას მოითხოვენ პროტესტანტები (ვიდეო)

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ფერმერთა პროტესტს ბერძნებმაც აუბეს მხარი

მთელი იტალიიდან შეკრებილი და კოლონებად მოწყობილი ათასობით ფერმერი, ევროკავშირის აგრარული პოლიტიკის გასაპროტესტებლად რომისკენ მიემართება. როგორც იტალიური მაუწყებელი „რაი“ იტყობინება, უახლოეს დღეებში ისინი დედაქალაქის შემოგარენში გზების გადაკეტვას აპირებენ.

რომისკენ მიმავალ გზაზე ნელი სვლით მოძრავი ტრაქტორების კოლონები ბლოკავენ მთავარ ავტომაგისტრალებს, რაც მოძრაობის შეფერხებას იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ფერმერთა ზოგიერთმა ჯგუფმა სტაციონარული ბლოკპოსტების შექმნა დაიწყო.

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად იტალიელი ფერმერები ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში გამკაცრებულ შიდა რეგულაციებს, მზარდ გადასახადებს და უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, უკრაინიდან დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის განცხადებით, მთავრობამ ფერმერების დასახმარებლად გარკვეული სახსრები შეაგროვა. ამასთანავე, აღნიშნა, რომ ამ ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს სწორედ ევროკავშირისგან მიიღებდა.

მთავრობამ სოფლის მეურნეობის წარმომადგენელთათვის  საწვავის ფასები უკვე შეამცირა, თუმცა ფერმერებისთვის ეს საკმარისი არ არის და ისინი გრძელვადიან საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ.

„ანსას“ ინფორმაციით, ხუთშაბათიდან რომში მობილიზაცია დაიწყება, შემდეგ კი ტრაქტორებით მსვლელობა მოეწყობა.

„მობილიზაცია ხუთშაბათს დაიწყება. ჩვენი მანქანები შეიკრიბება სხვადასხვა შეგროვების პუნქტში დედაქალაქის გარშემო და მომავალ კვირას იქნება დიდი დემონსტრაცია რომში“, – განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა და მოძრაობა  ‘Cra Agricoltori traditi’-ს ლიდერმა დანილო კალვანიმ რომში, პოლიციის განყოფილებაში. „კიდევ გვაქვს დასაზუსტებელი დეტალები, თუმცა, სავარაუდოდ, ტრაქტორებით მსვლელობაც მოეწყობა“, – დასძინა მან.

ბოლო კვირების განმავლობაში ფერმერთა აქციები ევროპის ბევრ ქვეყანაში ტარდება. პროტესტმა განსაკუთრებით ფართო მასშტაბი შეიძინა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში. მისი მონაწილეები ბიუროკრატიული ბარიერების, კლიმატური პოლიტიკისა და შემოსავლების შემცირების წინააღმდეგ ილაშქრებენ. აღშფოთებული ფერმერების დასამშვიდებლად გასული კვირის დასაწყისში ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ გადაავადებდა რეგულაციებს, რომლებიც ფერმერებს ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გამოყენებაზე უარის თქმას ავალდებულებდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გამოფიტვისგან ნიადაგის დაცვის მიზნით. ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებს ბერძენი ფერმერებიც შეუერთდნენ – კვირას მათ თესალონიკი-ქალკიდიკის ნაციონალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს დილის 10-იდან საღამოდ 8 საათამდე, ორშაბათს კი მუდანიის მცხოვრებლებმა 20 ტრაქტორისგან შემდგარი კოლონით მიაკითხეს მაკედონია-თრაკიის სამინისტროს, რათა პროტესტის რეზოლუცია გადაეცათ.

მთავრობამ აგრარული სფეროს მუშაკებს გარკვეული ზომები შესთავაზა, მაგრამ მათთვის ეს ზომები არასაკმარისია. „მილიონობით ევრო, რომელსაც, მინისტრის თქმით, გვაძლევს საწარმოო დანახარჯების შემცირებისთვის – უმნიშვნელო ფულია, – ამბობს კოსტას ძელასი, თესალიის ფერმერთა ფედერაციის ხელმძღვანელი. – პრემიერ-მინისტრს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ჩვენ შემოსავლებს დავკარგავთ [ევროკავშირის] ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისგან. თუ მას უნდა, რომ საბერძნეთში დავრჩეთ და ემიგრაციაში არ წავიდეთ, ჩვენი პრობლემები უნდა მოაგვაროს“.

თესალონიკში განრისხებული ფერმერები თავიანთ პროდუქციას პირდაპირ მიწაზე ყრიდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იგივეა, როგორ ამ პროდუქციის რეალიზაცია – მოგებას ისინი, პრაქტიკულად, არ იღებენ. ფერმერებს საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონიდან მოჰქონდათ კუბოები და შავი დროშები და ირწმუნებოდნენ, რომ „მზარდმა საწარმოო დანახარჯებმა ფერმერები კატასტროფის ზღვრამდე მიიყვანა“. შაბათს თესალიიდან თესალონიკში ჩამოსული ფერმერები წაბლს და ვაშლებს ტროტუარზე ყრიდნენ სასოფლო-სამეურნეო ბაზრობასთან და პირობა დადეს, რომ საპროტესტო ტალღას გააძლიერებენ სამშაბათს ერთიანი შეკრების დროს.

სამშაბათს, 6 თებერვალს ფერმერები მთელი საბერძნეთიდან ისევ შეიკრიბებიან და, დიდი ალბათობით, მიიღებენ გადაწყვეტილებას საპროტესტო მოძრაობის ესკალაციის შესახებ, ავტომაგისტრალების ბლოკირების ჩათვლით. ფერმერებმა უარყვეს მთავრობის წინადადება, შეხვედრა მოეწყოთ მიცოტაკისთან და თქვეს, რომ ეს იქნებოდა ღონისძიება ფოტოსესიისთვის. „ყველაზე ნაკლებად რაც გვაღელვებს – ეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა“, – ასეთი იყო მათი პასუხი.

ევროპელი ფერმერები შეიარაღდნენ ლოზუნგით: „არ არიან ფერმერები – არ არის საჭმელი!“ ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ლუქსემბურგში, ბელგიაში, საფრანგეთსა თუ გერმანიაში მაღაზიების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განყოფილებების ცარიელი თაროების  უამრავი ვიდეო.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close