ლიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ქართველი წიგნის ქურდები ასიათასობით ევროდ შეფასებულ უნიკალურ გამოცემებს მთელი ევროპის მასშტაბით უდიდესი ბიბლიოთეკებიდან იპარავენ

ქართული მაფიის სამიზნეში პარიზის, ლიონის, ჟენევის, რიგის, ვილნიუსის, ვარშავის და სხვა ქალაქების წიგნსაცავები აღმოჩნდა, წაღებულია ცნობილი რუსი კლასიკოსების იშვიათი ხელნაწერები და პირველი ეგზემპლარები. ქართველმა მძარცველებმა ბოლო რამდენიმე თვეში, ერთმანეთის მიყოლებით, ევროპის არაერთი ბიბლიოთეკა გაძარცვეს.

მოპარული წიგნები, ძირითადად, მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი, ალექსანდრე პუშკინის გამოცემებია. გატაცებულია, ასევე, ლერმონტოვის, გოგოლის, დოსტოევსკის და სხვა ავტორების ლიტერატურის უიშვიათესი ნიმუშები.

ფრანგული გამოცემა „ლე პარიზიენი“ გამოძიების მასალებზე დაყრდნობით აქვეყნებს ფოტოილუსტრაციას, სადაც, სავარაუდოდ, ქართველი მძარცველია აღბეჭდილი. შუახნის ჭაღარა მამაკაცი, სახელად ვალერიანი, თეთრი პერანგით და ხელჩანთით პარიზის ბიბლიოთეკაში მკვლევრის სტატუსით შევიდა. მოგვიანებით დაწესებულებამ აღმოაჩინა, რომ დაკარგულია მე-19 საუკუნეში გამოცემული პუშკინის და ლერმონტოვის ცხრა უიშვიათესი წიგნი. მათ ნაცვლად თანამშრომლებს ადგილზე ორიგინალის ასლები დახვდათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალი 650 000 ევროს აჭარბებს. ბრალდებულის კიდევ ერთი თანამზრახველი, სახელად მიხეილი, ბელგიის აეროპორტში საერთაშორისო ორდერით დააკავეს. მესამე დაკავებული კი ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

ევროპის ქალაქებიდან მოპარული უნიკალური წიგნები ახლა, სავარაუდოდ, მდიდარი რუსი კოლექციონერების ხელშია. სამართალდამცავების ინფორმაციით, წიგნები შავ ბაზარზე უპრეცედენტოდ მაღალ ფასად იყიდება და ძარცვის საერთაშორისო ქსელი რუსეთის დაკვეთით მოქმედებს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური მოსკოვი კრიმინალური გზით ცდილობს რუსული მემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნებას.

ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც თანამზრახველთან ერთად ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 10 000 ევროდ შეფასებული წიგნის მოპარვისთვის დააკავეს. ამჯერადაც მოპარულია ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოები. დაკავებულს ჩხრეკისას ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბიბლიოთეკის ბარათი, საქართველოს მწერალთა კავშირის მოწმობა და ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, იმავე ჯგუფმა მოიპარა პუშკინის და გოგოლის ნაწარმოებები ესტონეთშიც, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან.

საქართველოში პუშკინის ერთადერთი უძველესი ეგზემპლარი ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა საცავშია დაცული. ის 1829 წლით თარიღდება. არსებობდა კიდევ ორი უიშვიათესი ეგზემპლარი, თუმცა ორივე გასულ წელს გრიშაშვილის სახელობის მუზეუმიდან მოიპარეს. დანაშაული, სავარაუდოდ, იმ საერთაშორისო ქსელს უკავშირდება, რომელმაც ევროპის მასშტაბით უკვე ათეულობით უნიკალური წიგნის გატაცება შეძლო.

საქართველოს პროკურატურაში „კურიერს“ დაუდასტურეს, რომ ქართული მხარე ამ საქმეზე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობს და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ამჟამადაც მიმდინარეობს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close