საზოგადოებასაქართველო

გურიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა – 2 წლის ლაზარეს დაზიანებები თავის ქალაზე აქვს მიყენებული

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. 5 წლის უფროსი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული,  დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლში გაწერეს. პატარა ლაზარეს მდგომარეობა კი რთულია. ის ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს რეანიმობილით, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში. კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეაფასა. მას დაზიანებები თავის ქალაზე აქვს მიყენებული. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვთან ერთად დედაც იმყოფებოდა, როცა მათ ძაღლი დაესხათ თავს. დედასა და შვილებს მეზობელი მიეშველა, იმ დროს კი, როცა უფროს ძმას ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადაეყვანათ, ძაღლი იქვე, დედა-შვილის საცხოვრებელ სახლთან, მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, დედამ მეორე შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა.

ადგილობრივების თქმით, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მედიასთან საუბარში ხალხი ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა კარგა ხანია არსებობს მთელ მუნიციპალიტეტში და შესაბამის სამსახურს მის მოგვარებასაც კარგა ხანია სთხოვენ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში. დაზუსტებით ცნობილია, რომ ძაღლი, რომელმაც ბავშვები დაკბინა, პიტბულის ჯიშისაა.

ცენტრი უარყოფს ადგილობრივთა მტკიცებას ძაღლის მიუსაფრობის შესახებ და წერს, რომ, სავარაუდოდ, ის ოჯახში ახლახან მოიყვანეს, ან არასათანადო პირობებშია გაზრდილი.

ცენტრის ცნობით, ძაღლი ერთ-ერთ ეზოში აიყვანეს, თუმცა, ოჯახის განცხადებით, ის უპატრონოა.

„ეს არ ჰგავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილ ძაღლს. სავარაუდოდ, ის ან ახალი გადმოსმულია, ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა“, – წერია ცენტრის განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის პიტბულის ფოტოც.

2 წლის ლაზარე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან კერძო კლინიკა „კარაპს მედლაინში“ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და თავზე კანი გადაუნერგეს. ექიმების თქმით, ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 48 საათი, რომ დააკვირდნენ, როგორ მიიღებს სხეული გადანერგილ კანს.

„აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, ეს იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება, ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისგან ბავშვის დაცვა. რისკი ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების – ძვლის ინფექციის, სისტემური ინფექციის – არის მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ აქვს“, – განაცხადა იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

2 წლის ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close