პოლიტიკაკრიმინალი

ნიუ-იორკის მერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ნიუ-იორკის მერს ერიკ ადამსს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. მის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ ერიკ ადამსი მას 1993 წელს სექსუალურად ავიწროებდა.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი მომჩივანმა მხარემ ოთხშაბათ საღამოს შეიტანა ნიუ-იორკის შტატის კანონის – Adult Survival Act („ზრდასრული დაზარალებულების შესახებ“) შესაბამისად, რომელიც 2022 წლის 9 მაისს მიიღეს.

ამ კანონმა შტატის კანონმდებლობაში შესწორება შეიტანა, რაც უფლებას აძლევს ხანდაზმულობის ვადაგასული სექსუალური დანაშაულის სრულწლოვან სავარაუდო მსხვერპლს, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი 2022 წლის 24 ნოემბრიდან დაწყებული, ერთი წლის განმავლობაში, ანუ ამგვარი სარჩელების შეტანის ვადა პარასკევს, 24 ნოემბერს იწურება.

მომჩივან მხარეს სურს, რომ მიყენებული სავარაუდო ზიანისთვის $5 მილიონის ოდენობის კომპენსაცია მიიღოს.

მოსარჩელის ადვოკატმა ნიუ-იორკში მეგან გოდარდმა მიუთითა მიღებული კანონის მნიშვნელობაზე, რომელმაც უამრავ ქალს მისცა საშუალება, სამართლისთვის მიეღწია.

იმ პერიოდში, რომელიც სარჩელშია მითითებული, როგორც სავარაუდო სექსუალური დანაშაულის დრო, ერიკ ადამსი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ტრანზიტული ბიუროს ოფიცერი იყო. ადამსი პოლიციის დეპარტამენტში გადავიდა 1995 წელს, მას შემდეგ, რაც ტრანზიტული ბიურო უფრო მსხვილ სააგენტოს შეუერთდა.

გარდა სექსუალური ძალადობისა, ქალი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს, ადამსს და დეპარტამენტს ადანაშაულებს სამუშაოეზე მიღების დროს დისკრიმინაციაში,  არაჯანსაღ სამუშაო გარემოსა და ემოციური ტანჯვის განზრახ მიყენებაში. აღსანიშნავია, რომ სარჩელში სხვა დეტალები არ არის აღნიშნული.

პოლიციის დეპარტამენტს მაშინვე არ უპასუხია ამ ბრალდებებზე, თავად მერი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ხუთშაბათ დილით ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მერმა არ იცის, ვინ არის ეს ადამიანი. თუ ისინი ოდესმე შეხვედრიან ერთმანეთს, მას ეს არ ახსოვს.

თუმცა ის არასოდეს ჩაიდენდა ისეთ საქციელს, რომელსაც შეეძლო სხვა ადამიანისთვის ფიზიკური ზიანი მიეყენებინა და კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ასეთ მტკიცებას“, – ნათქვამია მერიის წარმომადგენლის განცხადებაში.

ნიუ-იორკის 110-ე მერი, 63 წლის ერიკ ადამსი  დემოკრატიული პარტიის წევრია. სანამ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, იგი ნიუ-იორკის პოლიციაში მუშაობდა კაპიტნის ჩინით. ნიუ-იორკის მერობამდე იგი შტატის სენატორი და ბრუკლინის რაიონის პრეზიდენტი იყო.

რაც შეეხება მოსარჩელეს, მისთვის ეს პირველი სარჩელი არ არის. 2008 წელს ქალმა American Airlines-ს უჩივლა. იგი ამტკიცებდა, რომ ავიაკომპანიის თანამშრომელმა იგი აიძულა, ინვალიდის ეტლიდან გადმოვარდნილიყო, რის შედეგადაც ზურგი დაიზიანა. სასამართლო განხილვის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ავიაკომპანია გაამართლეს.

2009 წელს ამავე ქალმა შეიტანა კიდევ ერთი სარჩელი მაიამი-დეიდის ოლქის სახელმწიფო სკოლების საბჭოს წინააღმდეგ. იგი ამტკიცებდა, რომ უარი უთხრეს კომპენსაციაზე მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაესხა თავს. მან სასამართლო წააგო, გადაწყვეტილების ნაწილზე ფლორიდის უზენაეს სასამართლოში და აშშ-ის უზენაეს სასამართლოში შეიტანა სააპელაციო სარჩელი, სადაც რამდენიმე საპროცესო შუამდგომლობა მოიგო, მაგრამ სასამართლო დავა აქაც წააგო.

გასულ წელს ქალმა კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა ფლორიდის კაზინოს წინააღმდეგ. საქმე ჯერ გაუხსნელია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მიღებულმა კანონმა – Adult Survival Act („ზრდასრული დაზარალებულების შესახებ“) მისცა შესაძლებლობა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლს, შეეტანა სარჩელი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 1996 წელს მომხდარი სექსუალურ ძალადობის ბრალდებით. მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ამ საქმეზე ტრამპი 2023 წლის მაისში დამნაშავედ ცნეს სექსუალურ შევიწროებაში და მწერლის მიმართ ცილისწამებაში და მას კეროლის სასარგებლოდ 5 მლნ დოლარის (3+2 მლნ) გადახდა დააკისრეს. ამასთან, მსაჯულებმა ტრამპი არ მიიჩნიეს დამნაშავედ გაუპატიურებაში, რასაც მოსარჩელე მხარე ითხოვდა. ტრამპი აცხადებდა, რომ არასდროს შეხვედრია ელიზაბეთ კეროლს და სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ და „კუდიანებზე ნადირობის“ მორიგი ეპიზოდი უწოდა. მან მანჰეტენის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: დონალდ ტრამპი ჟურნალისტს 30 წლის წინანდელი სექსუალური შევიწროებისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

დონალდ ტრამპი ჟურნალისტს 30 წლის წინანდელი სექსუალური შევიწროებისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close