საბერძნეთში ძარცვისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
ბერძნულ კუნძულ კრეტაზე, ჰერაკლიონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულები არიან 37 და 32 წლის ქართველები, რომლებმაც 11 აპრილიდან 17 აგვისტოს შუალედში კრეტაზე, სულ მცირე, ექვს მდიდრულ სახლში შეაღწიეს და გაძარცვეს, სულ კი 9 მცდელობა ჰქონდათ, რომელთაგან სამი ვერ განახორციელეს.
ისინი ხუთშაბათს, 16 ნოემბერს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა სახლში შეღწევა მოახერხეს, რის შესახებაც პოლიციას მეზობლებმა აცნობეს.
ბრალდებულები ადგილზე მისულ პოლიციას სახლის სარდაფში დახვდნენ დამალულები, თუმცა სამართალდამცველებმა მათი დაკავება შეძლეს.
დამნაშავეთა ვინაობა ჰერაკლიონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომლებიც საქმეს იძიებდნენ და მასალები მოიპოვეს.
ქართველებმა გაძარცვული სახლებიდან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, შემდეგ ნაძარცვი გაყიდეს და თანხის ნაწილი დახარჯეს.
დაკავებულები ათენში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საქმეზე წინასწარი გამოძიებას ჰერაკლიონის უსაფრთხოების სამმართველო აგრძელებს.
ნანა ძნელაძე
კომენტარები