ლეგენდარული იოვანას და დოდონა ნამორაძის მიერ დუეტში შესრულებული „თბილისო“ (ვიდეო)
ბერძენმა მომღერალმა რევაზ ლაღიძის უკვდავი სიმღერა პირველად ზუსტად 60 წლის წინათ შეასრულა
ლეგენდარულმა ბერძენმა მომღერალმა იოვანამ, რომელიც ქართველმა მსმენელმა ათეული წლების წინათ „თბილისოს“ დიდებული შესრულებით გაიცნო და შეიყვარა, ამჯერად რევაზ ლაღიძის ეს უკვდავი სიმღერა ბერძნული „ვოისის“ მე-7 სეზონის ფინალისტთან, მეორე ადგილზე გასულ დოდონა ნამორაძესთან ერთად შეასრულა წვეულებაზე, რომელიც გია ბაღაშვილის პატივსაცემად ათენში, ისტორიულ ბერძნულ რესტორანში Μαγεμένος Αυλός („ჯადოსნური ფლეიტა“) გაიმართა.
ბერძენი მომღერალი, ჟურნალისტი და მწერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე (მიენიჭა 2011 წელს) იოვანა მიმდინარე წელს, მაისში ათენში გამართულ დოდონა ნამორაძის პირველ კონცერტზე საპატიო სტუმრებს შორის იყო. მან გზა დაულოცა დამწყებ მომღერალს. ამ კონცერტზე იოვანამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ქართველების დამოკიდებულება მისდამი: „როდესაც კითხვა მიჩნდება, თუ რისთვის მოვევლინე სამყაროს, რა გამიკეთებია სასარგებლო ცხოვრებაში, მაშინვე მახსენდება ის უდიდესი სიყვარული, რაც ქართველებმა მაჩუქეს, სწორედ ეს დიდი სიყვარული მათბობს დღემდე…“
ლეგენდარულმა ბერძენმა ქალბატონმა პირველად 1963 წელს, 28 წლის ასაკში, მართლაც განსაცვიფრებლად შეასრულა „თბილისო“.
„გავიდა თითქმის ექვსი ათეული წელი და დღესაც საოცრად გულშიჩამწვდომია მისეული შესრულება. მადლობა ქართული სიმღერის სიყვარულისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი დაბადების დღის საღამოს ასე დამშვენებისთვის! უდიდესი პატივია! უღრმესი მადლობა მას და ჩემს უსაყვარლეს ქართველებს, რომელთაც დაუვიწყარი საღამო მაჩუქეს ათენში!“ – წერს მუსიკოსი გია ბაღაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ათენის კულტურის ცენტრის „კავკასია“ ხელმძღვანელი, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე აღნიშნავს, მასთან ერთად, საღამოს ერთ-ერთი მასპინძელი იყო ცნობილი ბერძენი ბიზნესმენი, ქართული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი დიმიტრის თეოფილუ (Δημήτρης Θεοφίλου).
ასევე, დაგაინტერსებთ: მამუკა ჩარკვიანი ათენში – ინტერვიუ: „მე მაინც დავდგები ფეხზე“.
მოუსმინეთ იოვანას მიერ ზუსტად 60 წლის წინათ, 1963 წელს შესრულებულ „თბილისოს“.
კომენტარები