მამუკა ჩარკვიანი: „…მე მაინც დავდგები ფეხზე!“

ოცწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მამუკა ჩარკვიანის უდიდესი სურვილი უცხოეთში ქართველი ემიგრანტებისთვის შემოქმედებითი საღამოს მოწყობისა ელადაში ვარდობისთვეში ორდღიანი ვიზიტით ასრულდა. მასთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით საბერძნეთში დღეისათვის ყველაზე „ჭკვიან“ და ლამაზ ქალაქად აღიარებული ტრიკალიდან ათენს ვეწვიე. ოთხსაათიან მგზავრობას ფუჭად არ ჩაუვლია. კონცერტმა დიდი ოვაციებით, სიყვარულისა და ნოსტალგიის ცრემლებით ჩაიარა კინოთეატრ „ტრიანონში“.

„სიმართლე გითხრათ, ისეთი აფორიაქებული მივდივარ, აზრის გამოთქმა მიჭირს, – მეუბნება  ნანა კაკუტაძე, ათენელი ემიგრანტი ქალბატონი. – ჩვენ ის თაობა ვართ, ვისაც გვიყვარდა და გვიყვარს მამუკა. ძლიერი ადამიანია, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, კვლავ ველით სიახლეებს მის   შემოქმედებით გზაზე“.

„შეუდარებლად ამაღლებული გრძნობებით დავიმუხტე. ძალიან კარგი ადამიანი და პიროვნებაა მამუკა, მე პირადად გულაჩუყებული მივდივარ ამ კონცერტიდან“, – მიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ათენში მოღვაწე ექიმი-სტომატოლოგი ხათუნა პაპიძე.

ამაღელვებელი საღამოს შემდეგ მამუკა ჩარკვიანთან ინტერვიუ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ (სწორედ „კავკასია“ მასპინძლობდა მომღერალს) ჩავწერე.

შეხვედრა „კავკასიაში“; ღონისძიება ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ გახსნა

ბატონო მამუკა…

„ბატონო“ არა, უბრალოდ, მამუკა!

მამუკა, უფრო მეტად ფიზიკურად გადაიღალეთ თუ გრძნობებისგან?

ისე ვიცხოვრეთ ამ ორი დღის განმავლობაში, თითქოს ათი დღე ვიყავით ათენში, ისეთი შეგრძნება მაქვს. პირველად ვარ საბერძნეთში. კონცერტის შემდეგ ბევრი მოვიდა, მომეფერა, ერთმა გოგონამ მითხრა, რომ ტანჯვაშია. შე დალოცვილო, თუ იტანჯები, დაბრუნდი, თუ არადა, გვითხარი, ვინ გტანჯავს და ჩვენ გავცემთ საკადრის პასუხს. პირადად მას ვერ ვუთხარი ეს სიტყვები, ისედაც ცრემლები ახრჩობდა…

რა ქნან?! ოჯახებს არჩენენ, მათ უკან უამრავი ადამიანია.

ვიცი, სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს პირობები, ემიგრანტების დაბრუნება რომ შეძლოს. ადამიანმა ამაყად რომ იცხოვროს, შეუძლებელია – ნახევარ საქართველოს მეორე ნახევრის  და ცალკე ბანკის ვალი აქვს. ახლა გამახსენდა, მეც გადასახდელი მაქვს ბანკის ვალი. მოთმინებას ვუსურვებ ქართველებს. გავიცანი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და ენა არ იცის. მეც არ ვიცი, ძალიან მსურდა მათ ენაზე მიმემართა ბერძნებისთვის, რომლებსაც შევხვდი და, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხე და აქ მცხოვრებმა ქართველებმა ენა თუ არ იციან, როგორ უნდა იმსახურონ? რაც შეეხება უფრო ადრე ჩამოსულებს, ანუ მათ, ვინც იცის ბერძნული, ვურჩევდი, ასწავლონ თავიანთ შვილებს ქართული ენა. ერთ დღეს ეს ბავშვები, უკვე მოზრდილები, მოისურვებენ საქართველოში დაბრუნებას და მშობლიური ენა არ უნდა იცოდნენ?!

და საერთოდ, ქართველ ახალგაზრდებს, სადაც არ უნდა იყვნენ, უცხოეთსა თუ სამშობლოში, სწავლისკენ მოვუწოდებ – სწავლა, სწავლა და სწავლა… მშობელმა ბავშვს უნდა  აუხსნას, ჩაუნერგოს, შეაგნებინოს, რომ სწავლის ფასი არაფერია, გააგებინოს, რატომ არის ძვირი. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მცოდნე, განათლებული ახალგაზრდობა ჰყავს, უცხო ტომის შვილი ვეღარ შემოკრავს ზარს მისი ქვეყნის წინააღმდეგ. ნაციონალიზმში ნუ ჩამომართმევთ, არც ნაციონალისტი ვარ, არც რომელიმე პარტიის წევრი, ქართველი ვარ და საქართველო მიყვარს. მიყვარს და მსურს არ ჰყავდეს ჩემს სამშობლოს ოჯახის რჩენის მიზნით უცხოეთში გადახვეწილი თაობები და მეტი არაფერი…

სწავლა ახსენეთ, ძვირი გახდაო, სრული მნიშვნელობით ძვირი გახდა, რა ქნას ხალხმა, გადახდის თავი თუ არ აქვს, როგორ მიიღებს განათლებას?

ჩვენ მივიღეთ ის, რასაც არ ველოდით,… გვეგონა, რომ კაპიტალისტური წყობა იქნებოდა: მობრძანდით, დაბრძანდით, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ. მდიდარი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელია დღეს საქართველოში. იშვიათობაა ვინმემ ამ სიტუაციაში თავისით მიაღწიოს რამეს, იშოვოს კარგი სამსახური, ან შექმნას საკუთარი ბიზნესი. რა თქმა უნდა, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც, მაგრამ მთავარი ისაა, ამ იშვიათ გამონაკლისებს მიბაძონ სხვებმაც, გაიგონ, გამოიკვლიონ თუ რა გზებით, რა ძალებით მიაღწიეს წარმატებას. წელებზე ფეხს ვიდგამო, დღეს იმ გოგონამ რომ მითხრა კონცერტის შემდეგ, სწორედ ასეთ იშვიათ გამონაკლისებს ეკუთვნის, შრომობს, რომ ასეთი დაუღალავი შრომით მიაღწიოს მიზანს… სწავლა და შრომა – ესაა ცხოვრებაზე გამარჯვების რეცეპტი!!! ასევე მოუსმინონ და გაიაზრონ ცხოვრებისგან გამოცდილი უფროსების რჩევა-დარიგებები. დავით აღმაშენებელმა თექვსმეტი წლის ასაკში ომები მოიგოო, ყივჩაღთა ჯარი ჩამოასახლაო – შეიძლება ასე პატარას ამდენი ტვინი და გამოცდილება ჰქონოდა?! მაინტერსებს, ვინ იყო მისი მრჩეველი მამიდა, ბიძა თუ სხვა ვინმე, ქედს ვუხრი მათ სიბრძნეს!!!!!

ესე იგი, გსურთ თქვათ, რომ ახალგაზრდას არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, თუკი გვერდში ვინმე არ უდგას?

რა თქმა უნდა, უფროსი თაობის ჭკვიანი, გამოცდილი ადამიანების რჩევა-დარიგებას ვერავითარი განძი ვერ გადაწონის…

სწავლაზე გამახსენდა, სარეჟისოროზე გსურდათ ჩაბარება, მაგრამ მშობლებმა არ დაგანებეს, გული გწყდებათ დღევანდელი გადმოსახედიდან?

არა, აღარ მწყდება, მუსიკამ შემავსო და ბედნიერი ვარ, რომ მუსიკოსი ვარ და არა – რეჟისორი. მაშინ მხოლოდ მოსკოვში იყო სარეჟისორო ფაკულტეტი, ამიტომ არ დამანებეს წასვლა.

მეათე კლასში იყავით, როცა პირველად შეარჩიეთ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი „ჩამოთოვა“ და დაწერეთ მუსიკა მასზე, რატომ მაინცდამაინც ეს ლექსი?

კარგი ლექსია, ლირიული, „მიდი-მოდი“ არ არის. ბაბუამ წამიყვანა ბაკურიანში, შეყვარებული ვიყავი მაშინ. იმ ჩაკეტილ მთებში მამას ლექსი წავიკითხე; მისია, მაგრამ მე ჩემს გრძნობებზე აყოლილმა შევთხზე ეს მუსიკა. მამას 200 ლექსზეა შექმნილი სხვადასხვა კომპოზიციები სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ, ამათგან სამოცდაათი ჩემია. შექმნილი მაქვს დედაჩემის, ასევე, მურმან მაჩაიძის ლექსებზეც, მაგრამ ესენი თითზე ჩამოსათვლელია. ჯანსუღის პოეზია იმღერება დაუძალებლად, თავისთავად, რადგან ძლიერი ლირიკაა სიყვარულზე, სამშობლოს სიყვარულზეც…

თავისუფლება ლომთა ხვედრიაო, თქვა ჯანსუღ ჩარკვიანმა, როგორ ფიქრობთ, დღეს    ქართველები აღარ არიან ძლიერები, ლომებივით მებრძოლნი და ამიტომ ვართ ასეთ დღეში?

არა, არა, უბრალოდ, ვართ კაპიტალიზმზე გადამსვლელ პროცესში. დაწყნარდება ნელ-ნელა ყველაფერი. ვიდრე არ გამდიდრდება ქართველთა უმეტესობა, ვიდრე არ შეიცვლის მენტალიტეტს ერთიმეორის „ჩაშვებისა“ შურის გამო, ვიდრე ბოლომდე არ იგემებს თავისუფლებას, ისე არაფერი გამოვა. მართლა ლომი უნდა იყო, თავისუფლება რომ მოიპოვო და, რაც მთავარია, შეინარჩუნო. აგერ, ყოველ ნაბიჯზე რუსეთია ჩასაფრებული, ჩვენ ევროპისკენ ვისწრაფვით, ის უკან გვექაჩება…

ორდღიანი ვიზიტი დასრულდა ელადაში, ბრუნდებით სამშობლოში, „შორია გზა სახლამდე“?

„შორია გზა სახლამდე, წამია წუთისოფელი“…(ემიგრანტებისთვის მართლაც შორია გზა სახლამდე და წუთისოფელი კი წამია, ღმერთმა ქნას, მართლაც წამივით არ გაირბინოს მათთვის წუთისოფელმა სამშობლოდან შორს და მალე დაბუნებოდნენ მას… – ია თულაშვილი). დიდად ვისიამოვნე აქ სტუმრობით, კვლავ ვეწვეოდი საბერძნეთს.

შეხვედრა იოვანასთან

ამინდმა თუ შეგიწყოთ ხელი? შეამჩნიეთ კლიმატის განსხვავება?

კი. უფრო მშრალია ჩვენთან.

ჩვენთან უფრო მშრალია?

თქვენთან არა, ჩვენთან.

დიახ, ჩვენთან, საქართველო ვიგულისხმე მეც და არა – საბერძნეთი.

მაინც რა არის მამული… განსაცვიფრებელია!!!!!!

მართლაც ასეა… ვისგან წამოვიდა ათენში თქვენი შემოქმედებითი საღამოს მოწყობის იდეა?

ყოველთვის მსურდა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მემღერა. ელენე (ლენკა) ზვიადაძის დედა დაუკავშირდა ნაცნობს ათენში და მან მიასწავლა: არსებობს ქართველებისთვის მოამაგე ავთანდილ მიქაბერიძეო, დავურეკეთ ბატონ ავთოს, როცა მოისურვებთ და მზად იქნებით, დაგხვდებითო. და მართლაც ეს დღეები ათენის კულტურისა და განათლების ცენტრი „კავკასია“ ფასდაუდებელ მასპინძლობას გვიწევდა, ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ავთანდილს და ყველა მის თანამოაზრეს.

ელენე ზვიადაძეზე (საქართველოს „ნიჭიერის“ ფინალისტი) რას გვეტყოდით?

ლენკა ჩემს ხელში გაიზარდა. ჩემი მეუღლე და ლენკას დედა მეგობრები არიან. მხოლოდ ელენეს მიერ შესრულებული მომწონს ჩემი სიმღერები. მას ვუსურვებდი, არ იჩქაროს, ნელ-ნელა მიჰყვეს ამ გზას, ბევრი აქვს ჯერ კიდევ სასწავლი. ლენკა ათენში დაუმეგობრდა საბერძნეთის „ნიჭიერში“ გამარჯვებულ ლიკა მაჩიტაძეს, ინტერნეტიდან გაიცნეს ერთმანეთი ჯერ. ეს ვიზიტი მარტო ამად ღირდა – ორი მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდის დამეგობრებისთვის…

ლენკა ზვიადაძე (მარცხნივ) და ლიკა მაჩიტაძე

მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა იუმორს არ კარგავთ, ეტყობა მამის გენები გამოგყვათ. რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანზე, ისეთს, არსად რომ არ გითქვამთ ჯერ?

კურიოზის რა გითხრათ, მაგრამ რა ტიპი იყო, ორი სიტყვით მოგიყვებით. 1977 წელია, მეათე კლასში ვარ, შლაქსის შარვლებია მოდაში… მამას ფული ვთხოვე, მეც მინდოდა ასეთი შარვალი, მოდას ხომ არ ჩამოვრჩებოდი. უყურებდა მამა, როგორ დაფართხუნობდნენ ბიჭები შლაქსებით. მკერავთან მიმყვა და უთხრა, 32 თუა ყველაზე დიდი შლაქსის ზომა, ამას 31 შეუკერე, ქაჯობა ხომ სულ ერთ სანტიმეტრში იზრდებაო. მართალიც იყო ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მართლაც სულ რაღაც ერთი სანტიმეტრი აშორებს ქაჯობას თავშეკავებისგან.

კვლავ თქვენს შემოქმედებით საღამოს დავუბრუნდეთ: ვიგრძენი რომ მთელი სხეულითა და სულით აგრძელებთ ბრძოლას, არ ნებდებით, ფარ-ხმალს არ ყრით, მუსიკა გაძლიერებთ?

მუსიკა და ცხოვრება. არავითარ იმედს არ მაძლევენ ექიმები, მაგრამ მე მაინც დავდგები ფეხზე. იმედი ბოლოს კვდება, ეს ბოლო კი არის სულ ბოლოში!!!!..

ესაუბრა ია თულაშვილი

ფოტოები: ათენის წმ. ნინოს სახ. ქართული მუსიკის გუნდი & მისი სასწავლო სტუდია

ია თულაშვილთან ერთად, ინტერვიუს შემდეგ

ნახეთ კონცერტის ფინალი:

თუ მოგეწონათ ინტერვიუ, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ამავე თემაზე: მამუკა ჩარკვიანი ათენში ვიზიტისას „თბილისოს“ ლეგენდარულ ბერძენ შემსრულებელს, იოვანასაც შეხვდა

კომენტარები