საზოგადოებახელოვნებასაბერძნეთი

მამუკა ჩარკვიანი ათენში ვიზიტისას „თბილისოს“ ლეგენდარულ ბერძენ შემსრულებელს, იოვანასაც შეხვდა

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მოწვევით, 10 მაისს საბერძნეთის დედაქალაქს შემოქმედებითი მივლინებით ეწვია ცნობილი ქართველი მუსიკოსი, პოპულარული კომპოზიტორი და ავტორ-შემსრულებლი მამუკა ჩარკვიანი.

სამდღიანი (10-12 მაისი) ვიზიტი „კავკასიასთან“ არსებული ათენის წმ. ნინოს სახელობის ქართული მუსიკის სტუდიის სასწავლო-შემეცნებითი პროგრამების ფარგლებში მოეწყო, რომელიც მოიცავდა:

✅ ერთობლივი მეცადინეობებისა და მასტერკლასების ჩატარებას ათენის შემოქმედებით ახალგაზრდობასთან, მუსიკალური სტუდიის ნიჭიერ აღსაზრდელებთან;

✅ შეხვედრებს ფართო საზოგადოებასთან, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან;

✅ მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოს ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ კინოთეატრში, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდა ორი ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი საქართველოდან, ელენე (ლენკა) ზვიადაძე (ტელეპროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტი) და საბა ივანიშვილმა.

ვიზიტის პირველ დღეს, 10 მაისს დილას სტუმარს სიურპრიზი ელოდა კიფისიაში – გულთბილი შეხვედრა ლეგენდარულ ბერძენ მომღერალ იოვანასთან, რომელმაც მამუკა ჩარკვიანს სთხოვა, მისთვის სიმღერა დაეწერა; შემდეგ სტუმარმა აკროპოლისი მოინახულა, საღამოს კი – რეპეტიციები და მასტერკლასები ჩატარდა „კავკასიაში“, რომელზეც ერთმანეთს ცვლიდნენ ათენელი ლიკა მაჩიტიძე და მარიამ ლორია, თბილისელი ლენკა ზვიადაძე და საბა ივანიშვილი. გიტარის აკომპანიმენტი: მამუკა ინაძე, მუსიკის სტუდიის ხელმძღვანელი.

მეორე დღეს, 11 მაისს მეცადინეობები და მასტერკლასები გაგრძელდა; საღამოს მომღერალი ფართო საზოგადოებას შეხვდა, რომელზეც საუბარი წარიმართა როგორც სტუმრის შემოქმედებაზე, ისე, საზოგადოდ, ქართული მუსიკალური კულტურის აქტუალური საკითხების შესახებ.

დასასრულ გაიმართა მინიკონცერტი წმ. ნინოს სახელობის ქართული მუსიკის სტუდიის წევრების, გოგონათა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით; განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სტუდიის ყველაზე პატარა აღსაზრდელმა მარიამ ბუიღლიშვილმა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოდან: განთქმული ქართული პლასტიკური ქირურგიის კლინიკის დამფუძნებლები, პროფ. ივა კუზანოვი თავის შვილებთან ერთად, რომლებმაც სასარგებლო კონტაქტები დაამყარეს „ათენის ქართული კლინიკის“ ექიმებთან, ირინა მათურელთან და გია კვარაცხელიასთან.

მესამე დღეს, 12 მაისს, 14:00 საათზე კინოთეატრ „ტრიანონში“ მოეწყო მამუკა ჩარკვიანის დაუვიწყარი შემოქმედებითი საღამო, რომელზეც ცოცხლად შესრულდა მისი 23 პოპულარული სიმღერა. საღამოს ბოლო „აკორდი“ იყო მამუკა ჩარკვიანის ყველა დროის ჰიტი – „თავისუფლების ჰიმნი“, რომლის შესრულებაშიც მონაწილეობდნენ „კავკასიის“ ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (მამუკა ინაძე, მამუკა გოგოჭური, გიორგი როხვაძე, დათო წიქორიძე, ავთანდილ ზაბაზიძე, ოთარ ჯავახაძე & ალექსანდრე გორგიაშვილი) და ქართველი მოძღვარი, მამა თეიმურაზ (სინესიოს) კალანდაძე.

კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი, კონსული გალაქტიონ პაიჭაძე, პოლიციის ატაშე ივანე მიტიტანიდისი.

წყარო: ათენის წმ. ნინოს სახ. ქართული მუსიკის გუნდი & მისი სასწავლო სტუდია

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close