საზოგადოებახელოვნებასაქართველო

უკვდავი „თბილისოს“ ავტორის ძეგლი თბილისობაზე გაიხსნება

ქართული მუსიკალური სამყარო წარმოუდგენელია საუკუნის კომპოზიტორად აღიარებული, ქართველთა უსაყვარლესი ხელოვანის, რევაზ ლაღიძის სიმღერების გარეშე. სხვა რომ არაფერი, მის „თბილისოზე“ თაობები გაიზარდნენ…

დღეს უკვე დედაქალაქის ჰიმნად აღიარებული სიმღერა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაიწერა. შეუძლებელია, მოისმინო და არ გაგაჟრჟოლოს, შენდაუნებურად არ აჰყვე, არ წაიღიღინო… რეზო ლაღიძემ ამ სიმღერით „მზის და ვარდების მხარეს“ მუსიკალური ძეგლი დაუდგა და მთელი მსოფლიო თბილისზე აამღერა.

წლევანდელ „თბილისობაზე“, 7 ოქტომბერს რეზო ლაღიძის ძეგლი დაიდგმება თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, „კონკასთან“ მდებარე სკვერში. ბიუსტს თბილისის მერი კახა კალაძე გახსნის. „თბილისობა 2018-ის“ ფარგლებში, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. კონცერტი რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

როგორ დაიწერა „თბილისო“?

რეზო ლაღიძემ მართლაც დიადი ჰიმნი უძღვნა საყვარელ ქალაქს, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კომპოზიტორის რამდენიმე ნაწარმოები და, მათ შორის, საქვეყნოდ აღიარებული „თბილისო“ დაკვეთითაა შესრულებული.

თბილისის დაარსების 1500 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია იღებდა ფილმს „მზიან მხარეში“. ფილმის მუსიკალური გაფორმება და სოლისტისათვის სიმღერის დაწერა რეზო ლაღიძეს დაავალეს. თავად ბატონი რეზო იხსენებდა:

„თბილისზე ვინ არ არის შეყვარებული და მეც ვფიქრობდი, რომ დავალებას თავს კარგად გავართმევდი, მაგრამ რაც არ უნდა კარგი თემა იყოს, შეზღუდულია შემოქმედი, როცა საკუთარ ნაწარმოებს სხვისი დაკვეთით ქმნის. დავდიოდი, ვიჯექი თუ მეძინა – სიმღერაზე ვფიქრობდი, ვერაფრით გამოვთქვი სოლოში სათქმელი, დუეტი უფრო ლირიკულად ჟღერდა, უფრო მომეწონა. ჩემი აზრის გასაზიარებლად კინოსტუდიაში წავედი. თავდაპირველად შემეწინააღმდეგნენ, რადგან ერთი მომღერლის მომატებით ფილმის გადაღების ხარჯები გაიზრდებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ბოლოს დამეთანხმნენ. დავბრუნდი სახლში, მუშაობას გატაცებით შევუდექი, მაგრამ ვხედავ, გუნდია საჭირო – მელოდიას საოცრად უხდებოდა ფონი. საშინლად შევწუხდი. ერთი მომღერლის მომატებაზე ომი დამჭირდა და მთელი სამოცკაციანი გუნდი როგორ მოვითხოვო?! მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება – იქნება გუნდი, იქნება სიმღერა, არადა ვერაფერს დავწერ…

ნახევრად გავიმარჯვე: სამოცკაციანი გუნდის ნაცვლად თორმეტი კაცი ამღერდა…“

სიმღერამ სიცოცხლე ფეხბურთის სტადიონზე დაიწყო. თბილისელებს კარგად ახსოვთ, ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის ტაიმებს შორის, შესვენებისას ვერტმფრენიდან როგორ გადმოყარეს პატარა ფურცლებზე დაბეჭდილი ნოტები და გაისმა დები ჩაფიჩაძეების შესრულებით ჩაწერილი „თბილისო“. უცებ მთელი ხალხი გაყუჩდა და სულგანაბული უსმენდა სიმღერას, რომელიც პირველად „საასპარეზოდ“ სწორედ სტადიონზე დაეშვა. ტრიბუნაზე იყო ბატონი რეზოც, რომელსაც სხვების მგავსად თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე…

* * *

სიმღერა ძალიან მალე იქცა თბილისის სადიდებელ ჰიმნად, 2000 წელს კი დედაქალაქის ჰიმნად გამოცხადდა. ამავე წელს ქართველმა ხალხმა რეზო ლაღიძე საუკუნის კომპოზიტორად აღიარა.

„თბილისოს“ არაერთი შემსრულებელი გამოუჩნდა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ და თითქმის ყველა ქვეყანაში ქართველებისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ბერძენი მომღერალი იოვანა იხსენებს: „როდესაც პირველად ნოტები მომცეს, დავხედე და ვიკითხე, რა არის ეს უცნაური, თავდაყირა წარწერები? მიპასუხეს, რომ ქართულად დაწერილი ტექსტი იყო. მაშინ გადავწყვიტე, სიმღერა რუსულად კი არა, ქართულ ენაზე მესწავლა. სანამ რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდოდი, სიტყვები ლათინური ასოებით უნდა გადაგვეწერა. ქუჩაში დავდიოდიოთ და ვისაც კი ულვაშები ჰქონდა, ყველას ვაჩერებდით, ვეკითხებოდით, ქართველი ხომ არ იყო. ბოლოს გაგვიმართლა. როდესაც „თბილისო“ პირველად ვიმღერე, საოცარი რეაქცია მოჰყვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო. ამ სიმღერამ მანამდე უცნობი, რაღაც ახალი გრძნობა გააღვიძა ჩემში. ის ხომ ქართულ სულს უჩვეულოდ გამოხატავს. „თბილისო“ ჩემია, მუდამ თან მდევს, ძალიან მავსებს და თანაც ძალიან ცნობილი და პოპულარულია მთელ მსოფლიოში“.

იოვანამ „თბილისო“ კიდევ ერთხელ იმღერა „იავნანას“ გრანდიოზულ კონცერტზე ათენში, რომელიც 2011 წლის 22 მაისს გაიმართა. ძალიან ამაღელვებელი იყო მომღერლის სიტყვა სიმღერის შესრულების წინ: „მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმ სიყვარულისა და პატივისცემისთვის, რასაც ჩემ მიმართ ვგრძნობ. რომ ვახსოვარ და ასეთ დიდ, გრანდიოზულ ღონისძიებაში მონაწილეობას მთავაზობს. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია“, – განაცხადა მაშინ ბერძენმა მომღერალმა.

რამდენიმე წლის წინათ კი „იურმალას“ ფესტივალზე სოფო ხალვაშის მიერ შესრულებულმა „თბილისომ“ კიდევ ერთხელ დაიპყრო მსმენელის გული. როგორც იმ პერიოდში ფესტივალიდან დაბრუნებულმა მომღერალმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, რომ ნანი ბრეგვაძის შემდეგ იგი ასრულებს რეზო ლაღიძის უკვდავ „თბილისოს“… თავად ნანი კი აი, რას ამბობს: „რაც დრო გადის, უფრო მეტად ვგრძნობ, რამხელა შემოქმედთან მიხდებოდა ურთიერთობა. ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ რევაზ ლაღიძე ჩემთვის წერდა სიმღერებს. ალბათ კიდევ რამდენიმე ათეულმა წელიწადმა უნდა განვლოს, რომ საქართველოს მისი მსგავსი კომპოზიტორი მოევლინოს“.

წელს (2018), 10 ივლისს რეზო ლაღიძე 97 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, იგი ძალიან ადრე, სამოცი წლის ასაკში გარდაიცვალა და ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ერთად ამქვეყნად კაცური კაცის სახელი დატოვა.

ორი ყუთი წერილი

რეზო ლაღიძეს თაყვანისმცემელი ქალბატონები, რომლებიც უამრავ წერილს უგზავნიდნენ, არასოდეს აკლდა. განსაკუთრებით რუსი ქალები აქტიურობდნენ თურმე. როგორც კომპოზიტორის ქალიშვილი – ლელა იხსენებს, „თბილისოს“ გამოსვლის შემდეგ ორი დიდი ყუთი აივსო ამ წერილებით. ყველა მათგანის წაკითხვა ალბათ ვერც კი მოასწრო. „მე თქვენ მიყვარხართ“, „მე თქვენ გელოდებით“ და ასე შემდეგ… – წერდნენ რუსი ქალები. თითქმის ყველა მათგანი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა. „რა ვქნა, არ მაქვს შემოქმედი, ფერმკრთალი კაცის გარეგნობა, როგორიც ვარ, ასეთი რომ მნახონ, არ მინდა“, – უხუმრია ბატონ რეზოს და პეტრე გრუზინსკის სურათები გაუგზავნია საკუთარის ნაცვლად. ასეთი ტყუილი რად გინდოდაო, რომ უკითხავთ, უპასუხა თურმე: რატომ ტყუილი, ლექსის ავტორი ხომ პეტრე გრუზინსკიაო.

ძველი შავი „კრასნი ოკტიაბრი“ ყოფილა მისი მესაიდუმლე. ყველაფერს ამ პიანინოზე ქმნიდა და ზოგჯერ, ფიქრში ჩაძირული, ანთებულ სიგარეტს ზედ კლავიშებზე დებდა თურმე. „თბილისოც“ ამ პიანინოზე შეიქმნა. სიგარეტით ამომწვარი ნაკვალევი დღემდე ეტყობა კლავიშებს…

* * *

რევაზ ლაღიძემ თბილისის 1500 წლის იუბილეს მეორე სიმღერაც მიუძღვნა – „შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო“. თვითონ განსაკუთრებით „საბუდარელი ჭაბუკი“ და „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ ჰყვარებია, თუმცა შემდეგ ოპერამ, რომელსაც ქალიშვილის სახელი – „ლელა“ დაარქვა, ყველა მათგანი დაჩრდილა.

როგორც მიხეილ თუმანიშვილი წერდა: „რეზო ლაღიძე კეთილი სასწაულმოქმედი იყო, რომელმაც ადამიანებს სანოტო ნიშნებით აღნუსხული თავისი გულის სევდა და ხალისი დაგვიტოვა მუსიკალური შედევრების სახით“.

თამარ ოთიაშვილი

მოუსმინეთ ბერძენი მომღერლის, იოვანას მიერ რუსულ და ქართულ ენებზე შესრულებულ „თბილისოს“:

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close