საზოგადოებასაქართველო

მოკვდა ბათუმელი ინტერნეტვარსკვლავი, ქუჩის ძაღლი „კუპატა“, რომელიც ბავშვებს ზებრაზე აცილებდა

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბათუმელი ძაღლი, სახელად „კუპატა“ მოკვდა. ძაღლი ბავშვებს ზებრის გადაკვეთაში ეხმარებოდა და კანონდამრღვევ მძღოლებს უყეფდა ხოლმე. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:

„ლეგენდარულმა „კუპატამ“ თითქმის 10 წლის შემდეგ დაგვტოვა… ჩვენი პატარა მეგობარი სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო…

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ „კუპატას“ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით… გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა.

მადლობა თქვენ, „კუპატას“ ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. „კუპატამ“ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა. პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები“, – წერია „კუპატასთვის“ შექმნილ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

„კუპატა“ ქუჩის ძაღლი იყო, თუმცა მას ჰყავდა მიმკედლებელი, რომელიც წლებია მასზე ზრუნავდა.

„კუპატას“ მიმკედლებელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „კუპატა“ 18 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ცუდად გახდა და გარეთ გასვლა მოინდომა.

„გავიდა სადარბაზოში, წაბარბაცდა, დაწვა, ამოისუნთქა და გარდაიცვალა. გული გამიხეთქა, სიკეთით სავსე რომ იყო, სახლში არ მოკვდა“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, „კუპატას“ ელენთის სიმსივნე ჰქონდა და ბოლო თვეებია მძიმედ იყო ავად. ძაღლი დაახლოებით 10 წლის იყო.

„კუპატა“, ძირითადად, მელიქიშვილის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრალური პარკის წინ სეირნობდა. ბოლო სამი წელია „კუპატასთან“ არაერთი ტურისტი იღებდა ფოტოს, როგორც ბათუმის ყველაზე პოპულარულ ძაღლთან და სოციალური ქსელების ვარსკვლავთან.

ბათუმელი ძაღლი, რომელიც უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close