მსოფლიოპოლიტიკა

4 მლნ სამხედრო მოსამსახურე და საჯარო მოხელე დროებით უხელფასობას გადაურჩა – აშშ-ის მთავრობის ე. წ. Shutdown 45 დღით გადაიდო

პრეზიდენტმა ბაიდენმა მთავრობის დასაფინანსებლად სენატის ორპარტიულ კანონპროექტს მოაწერა ხელი, კანონის თანახმად, ამერიკის მთავრობა მხოლოდ 45 დღით დაფინანსდა, რაც ნიშნავს, რომ ე. წ. „შათდაუნი“, რომელიც კვირას იწყებოდა, თვე-ნახევრით გადაიდო.

ბიუჯეტი რომ არ დამტკიცებულიყო, პირველ ოქტომბერს აშშ-ის მთავრობის მუშაობა შეჩერდებოდა. შედეგად, ათიათასობით ფედერალურ მუშაკს მოუწევდა შვებულებაში გასვლა ანაზღაურების გარეშე, ხოლო სხვადასხვა სამთავრობო სამსახური მუშაობას შეაჩერებდა.

30 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების დეპუტატებმა მთავრობის დაფინანსებისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნი“) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს.

სენატის მხარდაჭერილი კანონპროექტი მოიცავს თანხებს სტიქიური უბედურებების შედეგებთან გასამკლავლებლად და მთავრობის გადაუდებელ საჭიროებათა დაფინანსებას, მაგრამ დოკუმენტში უკრაინის დახმარების თანხები არ არის გათვალისწინებული.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმდინარე წელს უკრაინისთვის დამატებით 24 მლრდ დოლარი ითხოვა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრები, მათ შორის, სპიკერი კევინ მაკკარტიც, დამატებითი თანხების გამოყოფას მხარს არ უჭერენ. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოება არსებობს სხვა საბიუჯეტო საკითხებზეც.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მა ჯამურად უკრაინას 45 მლრდ დოლარის მოცულობის სამხედრო, მაკროფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

„არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერება“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ კონგრესს დიდი დრო არ აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.

პირველად აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება მოხდა 1981 წელს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბიუჯეტო პროექტს ვეტო დაადო. ე. წ. „შათდაუნი“ მაშინ რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბოლო 40 წლის განმავლობაში კიდევ იყო, სულ ცოტა, 10 შემთხვევა, რამაც მთავრობის მომსახურების შეჩერება გამოიწვია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვადით – ნახევარი დღიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ბოლო, ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 25 იანვრამდე გაგრძელდა.

რატომ ხდება ეს?

აშშ-ის მმართველობის ფედერალური სისტემა სხვადასხვა პარტიას საშუალებას აძლევს, ხელისუფლების სხვადასხვა შტო აკონტროლოს. ეს სტრუქტურა ქვეყნის დამაარსებლებმა შეიმუშავეს კომპრომისისა და განხილვის წასახალისებლად, თუმცა ბოლო პერიოდში მან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო.

საქმე ისაა, რომ 1980 წელს, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის გენერალურმა პროკურორმა საბიუჯეტო დეფიციტთან ბრძოლის 1884 წლის კანონის ვიწრო ინტერპრეტაცია გამოსცა. ხარჯების შესახებ XIX საუკუნის კანონი მთავრობას უკრძალავდა კონტრაქტების გაფორმებას კონგრესის დამტკიცების გარეშე. თითქმის 100 წლის განმავლობაში, თუ ბიუჯეტში გარღვევა წარმოიშობოდა, მთავრობა აუცილებელი ხარჯების გაწევის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ 1980 წლის შემდეგ მან უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა: არ არის ბიუჯეტი, არ არის ხარჯები.

ნანა ძნელაძე

p. s. უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს. „ჩვენი დახმარება გრძელვადიანი ხასიათისაა და არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც შეერთებულ შტატებში ხდება“, – განაცხადა ბორელმა, რომელიც გასული კვირის ბოლოს კიევში იმყოფებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close