გერმანიის ზოგიერთ ქალაქში მძღოლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი მართვის მოწმობები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობაში გაცვალონ. შეთავაზება ნებისმიერ ადგილობრივ თუ რეგიონულ ტრანსპორტზე ვრცელდება, თუმცა გაცვლის შემთხვევაში მართვის მოწმობა ავტომატურად უქმდება – ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საცობების შემცირებას, არამედ უფრო ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციასაც შეეხება. ნებისმიერი მონაწილე, რომელიც მართვის უფლებას დათმობს, გერმანიის ტრანსპორტის ულიმიტო აბონემენტს მიიღებს, რომელიც, ჩვეულებრივ, თვეში €49 ჯდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამას ადგილობრივი უწყებები უძღვებიან და პირობები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, დორტმუნდში მართვის მოწმობის დათმობისთვის უფასო ულიმიტო აბონემენტს მხოლოდ 2 თვით მიიღებენ, ლევერკუზენში კი პროგრამა მხოლოდ 75 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის მოქმედებს. ბონში 60 წელს გადაცილებული ადამიანები ტრანსპორტით უფასოდ 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ, ლუბეკში კი ულიმიტო აბონემენტით 1 წლის მანძილზე იმგზავრებ, თუმცა მართვის მოწმობის თავიდან აღების უფლება საერთოდ აღარ გექნება.
2023 წელს გერმანია მაქსიმუმ 1000 ასეთ აბონემენტს გასცემს, შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი – მხოლოდ 500-ს.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ულიმიტო აბონემენტი გერმანიაში წელს, აპრილიდან ამოქმედდა. ახალი პროდუქტი მგზავრს საშუალებას აძლევს, ადგილობრივი თუ რეგიონული ტრანსპორტით შეზღუდვების გარეშე, თვეში 49 ევროდ იმგზავროს. აბონემენტი გერმანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სატრანსპორტო რეფორმად შეფასდა. ამოქმედების შემდეგ აბონემენტით 3 მლნ-მა გერმანელმა უკვე ისარგებლა. მანამდე, 2022 წლის ზაფხულში, გერმანიაში 9-ევროიანი ულიმიტო აბონემენტი მოქმედებდა, რომლის წყალობითაც, გერმანული უწყების ცნობით, ნახშირბადის ემისიები ივნისი-აგვისტოს პერიოდში 1.8 მილიონი ტონით შემცირდა.
bm.ge
კომენტარები