პოლიტიკასაქართველო

ჩხუბი საქართველოს პარლამენტში – ვინ ვის სცემდა და აგინებდა (ვიდეო)

ფარცხალაძის სანქციების თემამ პოლიტიკური „ტემპერატურა“ საქართველოში კიდევ ერთხელ ასწია

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის 20 სექტემბერს ჩხუბი და დაპირისპირება იყო დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი – ფიზიკურად ერთმანეთს სწორედ ეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ. პარლამენტის ფოიეში ვითარება არაერთხელ დაიძაბა, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის გინებისა  და ხელჩართული ჩხუბის პარალელურად ისმოდა შეძახილები „რუსებო და მოღალატეებო!“

პოლიტიკოსები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ეროვნული ბანკი არ შეუერთდება.

ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ, ფარცხალაძის საკითხზე პარლამენტში დებატები  გამართულიყო, თუმცა სხდომა არსებული დღის წესრიგით წარიმართა.

ch

კორიდორში მომხდარი არეულობის პარალელურად, ხმაური იყო პარლამენტის სხდომაზეც, სადაც მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს უსმენდნენ. ოპოზიციის ნაწილმა ფოიედან დარბაზში გადაინაცვლა და საპარლამენტო ტრიბუნასთან „პერფორმანსი“ გამართა.

როდესაც თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები – თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს უკრაინელი მებრძოლის ცნობილი ფრაზით რუსული ხომალდის შესახებ.

ბანერი ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა. ოპოზიციონერი დეპუტატი ქალბატონები დარბაზიდან მანდატურების დახმარებით გაიყვანეს.

ამის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილს უწოდებენ მმართველი პარტიის ლიდერები, პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპონენტების მთავარი მიზანი პროვოკაციების მოწყობაა.

აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინაც.

აქციის მონაწილეები, ისევე როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გაავრცელოს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, არაკონსტიტუციურია და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

„პრაქტიკულად, არც არაფერი შეცვლილა, გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ ფარცხალაძესაც შეუწყდა მოქალაქეობა. პერსპექტივაში, ვიღაცას მტკიცებულების გარეშე რომ წაეყენოს ასეთი ბრალი და დაეკისროს სანქციები, რა თქმა უნდა, იქ ეს რეგულაცია უნდა მოქმედებდეს. არ შეიძლება, მტკიცებულების გარეშე ვიღაცამ სისხლის სამართლებრივი წესით, დე ფაქტო თუნდაც, დასაჯოს საქართველოს მოქალაქე. უბრალოდ, არ შეიძლება და, რა თქმა უნდა, ეს რეგულაცია ასეთ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს ნებისმიერ მოქალაქეზე და ნებისმიერ ქართულ კომპანიაზე“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინვე „საქართველოს ბანკში“, „თიბისი ბანკში“, „ტერაბანკში“, „ლიბერთი ბანკსა“ და „ბაზისბანკში“ განაცხადეს, რომ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებენ და, ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნებიან. ამ განცხადებას ირაკლი კობახიძემ „პრინციპულად ძალიან სწორი“ უწოდა.

აშშ-ის სანქციების შესაბამისად, ქართულ კომერციულ ბანკებს ოთარ ფარცხალაძეზე სანქცირების გავრცელების დღიდან, 14 სექტემბრიდან უნდა შეეზღუდათ მისთვის ანგარიშების ხელმისაწვდომობა და გადარიცხვები, თუკი ყოფილი პროკურორი მათი კლიენტი იყო.

ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი თემა გახდა განსჯის საგანი – როგორც გაირკვა, იგი რუსეთის მოქალაქე  გახდა ისე, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა შეწყვეტილი და არც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოუთხოვია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მისთვის ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე არავის მიუმართავს და გამოდის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობდა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.

იუსტიციის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო და გუშინ საღამოს გამოაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა“.

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაუწესა 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ამერიკულმა მხარემ განმარტა, სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინს იმ ტექნოლოგიებისა და ფინანსური არხების გამოყენებაში, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელებაში ეხმარება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. იგი სანქცირებულთა სიაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობის ან საქმიანობისთვის მოხვდა. ფარცხალაძე საკონსულტაციო კომპანიებში – შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50-პროცენტიან წილს ფლობს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია. დოკუმენტში წერია, რომ ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენისთვის იყენებენ“. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close