„ადამიანებს ეჩვენებათ საშიში გარეგნობის მქონე არსება, რომელიც მათ უახლოვდება“ – რა არის ძილის დამბლა?
Sleep paralysis, იგივე ძილის დამბლა, საერთო პოპულაციის 8%-ს ანუ 602 მილიონ ადამიანს აქვს გამოცდილი. ადამიანები, რომლებიც ძილის დამბლას ან ძილის ატონიას განიცდიან, აცხადებენ, რომ განიცდიან დროებით პარალიზებას, არ შეუძლიათ სუნთქვა, უჭირთ ლაპარაკი და ემართებათ ჰალუცინაციები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება არ არის რეალური, ის არ მიუთითებს ფსიქოზზე. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც, ძირითადად, სტრესში მყოფ ადამიანებს ემართებათ. ძილის დამბლა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ პირველი სიმპტომები, ძირითადად, ბავშვობაში, მოზარდობაში ან ახალგაზრდობაში ვლინდება.
ძილის დამბლა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იღვიძებს, თუმცა არ აქვს მოძრაობის უნარი და უჭირს სუნთქვა. სანამ სხეული ძილის ბოლო სტადიაში, იგივე Rapid eye movements-ში (თვალების სწრაფ მოძრაობაში) შევა, სხეულის ტემპერატურა იკლებს და იზღუდება ტვინის ღეროში ნეირონების კომუნიკაცია, რაც იმობილიზაციას იწვევს და ხელს უშლის როგორც სიზმრების ნახვას, ისე სუნთქვას.
ეს ფენომენი ადამიანს ემართება მაშინ, როდესაც ძილის პროცესში სხეული და ტვინი არ არიან სინქრონიზებულნი. ძილის დროს ტვინი აგზავნის შეტყობინებას ნერვულ სისტემაში და კუნთებს ამშვიდებს . ამ დროს ორგანიზმი იმდენად მოდუნებულია, რომ უმოქმედო ხდება. როდესაც ტვინი ფხიზლდება, ის იძლევა ბრძანებას, დაასრულოს ან დაიწყოს დამბლა. ამ დროს კი, როდესაც კუნთები მიძინებულ მდგომარეობაშია, ხოლო გონება ფხიზლობს, ადამიანი განიცდის დამბლას, რაც ლიმბურ სისტემას ააქტიურებს, რაც შიშისა და პანიკის შეგრძნებას იწვევს. ასეთ დროს კი ხშირია ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები.
ძილის დამბლის დროს განცდილი ჰალუცინაციები სამ კატეგორიად იყოფა.
- პირველი კატეგორიის ჰალუცინაციისას ადამიანებს ეჩვენებათ საშიში გარეგნობის მქონე არსება, რომელიც მათ ოთახში იმყოფება და ხანდახან უახლოვდება კიდეც.
- მეორე კატეგორიას ინკუბუს ჰალუცინაციები ეწოდება, ასეთ დროს ხშირია დახჩობის შეგრძნება. ადამიანს ჰგონია, რომ მის მკერდზე ვიღაც ზის და მთელი ძალით აწვება.
- ვესტიბულურ-მოტორული (V-M) ჰალუცინაციები: შეიძლება მოიცავდეს მოძრაობის შეგრძნებებს, როგორიცაა ფრენა.
ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან 20 წუთამდე, ხოლო საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით ექვსი წუთია. უმეტეს შემთხვევაში, ძილის დამბლა თავისით სრულდება, მაგრამ ხანდახან წყდება სხვა ადამიანის შეხებით ან მოძრაობის ინტენსიური ძალისხმევით.
ჯერ კიდევ ძველ მესოპოტამიასა და რომის იმპერიაში ითვლებოდა, რომ არსებობდა დემონი, რომელსაც „ინკუბუსს“ უწოდებდნენ. ამბობდნემ რომ ინკუბუსი ადამიანის მკერდზე ჯდებოდა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 400 წელს ჩინელები ძილის დროს განცდილ უცნაურ გამოცდილებაზე წერდნენ. ძველი ჩინური ტექსტები კი ძილის დამბლის პირველ გამოცდილებად ითვლება.
1664 წელს ჰოლანდიელმა ექიმმა ექიმმა ისბრანდ ვან დიმერბროკმა ძილის დამბლის დროს განცდილი ისტორიების კრებული დაწერა, რომელშიც აღწერილია 50 წლის ქალის ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები. დიმერბროკმა ასევე აღმოაჩინა, რომ ადამიანებს ძილის დამბლა უფრო ხშირად მაშინ ემართებოდათ, როდესაც ისინი ზურგზე იწვნენ.
1979 წელს ძილის მედიცინის ამერიკულმა აკადემიამ ძილის დამბლა ძილისა და აგზნების აშლილობად აღიარა. 1003 წელს კი გაირკვა, რომ ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიის მქონე ადამიანებს დაღლილობისა და სტრესის გამო ძილის ატონიის უფრო მეტი შემთხვევა ჰქონდათ, ვიდრე ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებს.
1999 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ძილის დამბლას სტუდენტების 20 პროცენტი განიცდიდა.
2013 წელს ძილის დამბლის მაჩვენებელი 65 პროცენტამდე გაიზარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე კამბოჯელ ლტოლვილთა ჯგუფში (PTSD). ძილის დამბლის გაზრდილი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ სტრესმა, დაღლილობამ, ძილის ნაკლებობამ და ტრავმამ შეიძლება ძილის ატონია გამოიწვიოს.
ძილის დამბლის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კოლსუნტაცია, რათა გამოვლინდეს ის პრობლემები, რომლებიც ხელს უწყობენ ეპიზოდების სიხშირესა და სიმძიმეს. აღნიშნული გამოცდილება მჭიდრო კავშირშია ინსომნიასა და ძილის სხვა პრობლემებთან, რის გამოც აუცილებელია ძილის რეჟიმის გამოსწორება.
primetime.ge
კომენტარები