იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი პირობას დებს, რომ მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის პირობა ეხება ჩრდილოეთ აფრიკის საზღვაო ბლოკადას. აღსანიშნავია, რომ მელონის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე ტუნისიდან 6 000-ზე მეტი ადამიანი კუნძულ ლამპედუზაზე ერთ დღეში ჩავიდა.
მელონიმ ლამპედუზაში მიიწვია ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რათა პირადად ნახოს პირობები და, ასევე, მოითხოვა ტუნისთან ევროკავშირის მიგრაციის ახალი შეთანხმების ამოქმედება.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპას სჭირდება „პარადიგმის ცვლილება“ აფრიკაში მთელ რიგ ფაქტორებთან გამკლავებისთვის, როგორიცაა: კონფლიქტი, არასტაბილურობა, მარცვლეულის ფასების ზრდა და კლიმატური კრიზისები.
„ცხადია, იტალია და ევროპა ვერ მიესალმებიან ხალხის ამ მასობრივ შემოდინებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ მიგრანტთა ნაკადებს მართავენ არაკეთილსინდისიერი მოვაჭრეები“, – აღნიშნა ჯორჯა მელონიმ.
პარალელურად, გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანას სურს, კვლავ ნებაყოფლობით მიიღოს მიგრანტები იტალიიდან.
„ნებაყოფლობითი დაშვების პროცედურა შეჩერებული იყო, რადგან იტალიამ არ გამოავლინა მზადყოფნა, დაებრუნებინა ხალხი დუბლინის პროცედურის მეშვეობით. ახლა, რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ჩვენ შევასრულებთ სოლიდარობის ვალდებულებას“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
სოლიდარობის მექანიზმი ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, გერმანიასთან, გასული წლის ივნისში შეთანხმდა. გერმანიამ თავდაპირველად პირობა დადო, რომ ევროპის სამხრეთ საზღვრებზე 3 500 თავშესაფრის მაძიებელს მიიღებდა განსაკუთრებით პრობლემური ქვეყნებიდან.
1tv.ge
კომენტარები