პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

შოვში და გურიაში სტიქიური უბედურებისას დაღუპულთა ოჯახები სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები თითოეულ გარდაცვლილზე ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

20 ათას ლარს მიიღებენ გურიაში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო დაღუპულთა ოჯახებიც.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა სხდომაზე.

მისივე თქმით, იმ ოჯახებს, რომლებსაც გურიაში მეწყრული პროცესების შედეგად სახლები დაუზიანდათ ან დაენგრათ და იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია, სახელმწიფო ან კომპენსაციას მისცემს, ან ალტერნატიულ საცხოვრებელს უყიდის.

რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს განვითარდა. სტიქიამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთ დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.

გურიაში, ოზურგეთისა და  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები 8 სექტემბერს განვითარდა ძლიერი წვიმის შედეგად. სამწუხაროდ, სტიქიას 3 ადამიანი შეეწირა, მათგან – 2 ბავშვი.. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, ჩამოიშალა მიწის მასები, მოტყდა და წაიქცა ხეები, გარე სამყაროს მოსწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

15 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი განსახლებას ექვემდებარება.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: შოვში დაკარგული კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს, მსხვერპლთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა; ერთ მოზარდს ისევ ეძებენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close