მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის ომში ნახევარ მილიონამდე რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა – New York Times

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან წლინახევრის განმავლობაში დაღუპული ან დაჭრილი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 500 000-ს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

გაზეთის განმარტებით საუბარია ბრძოლის ველზე დანაკარგებზე, მაგრამ ამ რიცხვში არ შედის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობა.

აშშ-ის ადმინისტრაციაში რუსული მხარის დანაკარგები შეფასებულია, როგორც უფრო მაღალი, მაგრამ ის ბევრად არ აღემატება უკრაინულისას. ანონიმი მოხელეები ირწმუნებიან, რომ ომში 120 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაახლოებით 170-180 ათასი დაიჭრა. უკრაინას, როგორც გაზეთი წერს, სავარაუდოდ 70 ათასამდე დაღუპული და 120 ათასამდე დაჭრილი ჰყავს.

ამავდროულად, New York Times-ი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის დადასტურებული მონაცემები და რომ ცალკეულ ამერიკულ სააგენტოებს აქვთ განსხვავებული მონაცემები ომში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების შესახებ. მაგალითად, პენტაგონის დოკუმენტებში, რომლებიც ამ წლის დასაწყისში ინტერნეტში გაიჟონა, რუსეთის დანაკარგი დაღუპული სამხედროების სახით, სულ ცოტა, 43 ათასს, ხოლო უკრაინისა 17 ათასზე მეტს უნდა შეადგენდეს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო საჯარო შეფასება მსხვერპლის შესახებ ნოემბერში გაკეთდა, როდესაც გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ ორივე მხრიდან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

ომის ორივე მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას თითქმის არ იძლევა. მოსკოვმა დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ გაამჟღავნა, კიევი კი დანაკარგებზე საერთოდ არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონაცემები ომის შემდეგ გამჟღავნდება. ამავე დროს, ორივე მხარე აცხადებს, რომ მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის – უკრაინა ირწმუნება, რომ 250 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუსეთის ოფიციალური პირები ყოველგვარი დადასტურების გარეშე აცხადებენ, რომ უკრაინის დანაკარგები მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის შეტევის დროს 8-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთისა.

ამასთან, გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინამ რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა წამოიწყო, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

არც მოსკოვს და არც კიევს გამოცემის თხოვნაზე, მიღებული მონაცემების შესახებ კომენტარი გაეკეთებინათ, არ უპასუხია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close