საზოგადოებასაქართველო

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, 25 ადამიანს ეძებენ (ვიდეო)

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ [გარდაცვლილთა] ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნაპოვნი დაღუპულებიდან ნაწილი ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნეს, მაგრამ ყველა არა.

დაკარგულებს შორის უცხოეთში, ნიდერლანდებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა 5-წევრიანი ოჯახიც არის. არსებული ინფორმაციით, ზაზა მესხი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად სოფელ უწერაში, ერთ-ერთ კოტეჯში ისვენებდა. ისინი ხუთშაბათს, 3 აგვისტოს მანქანით ავიდნენ შოვში  დასათვალიერებლად (უწერიდან შოვამდე მანქანით დაახლოებით მანქანით 25 წუთის სავალია, მაძილი – 17 კმ). ამ დროისთვის მათ ისევ ეძებენ დანარჩენ 20 ადამიანთან ერთად. არ არის ნაპოვნი არც მათი მანქანა.

მინისტრის ინფორმაციით, 210 ადამიანი უკვე გამოყვანილია კატასტროფის ზონიდან, მათგან რამდენიმეს ჰქონდა უმნიშვნელო დაზიანება. ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ჯგუფები სხვადასხვა რაიონიდან, მათ შორის, ფსიქოლოგებიც, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ დაზარალებულებს და დაკარგულთა ოჯახის წევრებს.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

11 ცხედრის პოვნის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც იუწყება.

მათი ინფორმაციით, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთო.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო. წაღებულია ორი სამდინარო ხიდი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილის თქმით, მეწყერმა ჭალაში არსებული კოტეჯები სრულად გაანადგურა.

„სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ”, – უთხრა სამაშველო სამსახურის უფროსმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგის – მერაბ გაფრინდაშვილის თქმით,  იმ მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში მოხდა, საქართველოში არ ყოფილა. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რას შეეძლო გამოეწვია მეწყრული პროცესების განვითარება შოვში.

„მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იმავე დროს, ერთი და იმავე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში. ამას თან დაერთო უხვი ნალექი.

უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა.

… დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არა მარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი ჩაიმარხა, სოფელი ხახიეთი. მსგავსი პროცესების მასშტაბი შეგვიძლია შევადაროთ თბილისის სტიქიას, დევდორაკის სტიქიას, თუმცა ახლა მასის მოცულობა, ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში”, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close