დღის თემასაზოგადოებასაქართველო

19 დაკარგულის ვინაობა – ვის ეძებენ სტიქიის ზონაში

ვინ არიან ისინი, ვისაც ახლობლები სტიქიის ზონაში ეძებენ? აი, ვისი ვინაობა დაადგინა რადიო თავისუფლებამ.

თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე სოფელ ლაგვანთიდან

დაკარგულთა შორის არიან თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე. დეიდაშვილები სოფელ ლაგვანთიდან. ეს სოფელი შოვიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა. ბოლოს მათ გუშინ დილით ელაპარაკნენ ტელეფონით.

თემურს და ნიკას ეძებს დეიდაშვილი, ნათია ჩუბინიძე. მისი ინფორმაციით, ღვარცოფის მოვარდნისას ორივე მამისონის კოტეჯების ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ.

ქეთევან ლობჟანიძე

ოჯახი ეძებს ქეთევან ლობჟანიძეს, რომელიც, მისი ქმრის ბიძაშვილის ცნობით, “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ქეთევან ლობჟანიძე

ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი

ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის მეუღლეს 3 შვილთან ერთად. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, – სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ დასათვალიერებლად.

ზაზა მესხი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

გუტაშვილებისა და მაისურაძეების ოჯახი, ერთად 9 ადამიანი

დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები.

მათი დეიდა და დეიდაშვილები, – შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები.

მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით.

„კაბინეტებში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე. მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი“, – მიმართავს მეგის და გიგის უფროსი და, მარიტა გუტაშვილი ონის მერიას და სხვა მაღალჩინოსნებს.

ნატო ჭელიძეს თავისი და – ნათია ჭელიძეც ეძებს სამ დისშვილთან – ლუკასთან, ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად.

სამი მეგობარი – გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე

ეძებენ მეგობრების ჯგუფს – გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურსა და ნინო კენჭაძეს.

მათი მეგობარი, ბაია გეგეშიძე წერს, რომ ბოლოს კალცის წყალზე იყვნენ, ასე, 4-ის 20 წუთზე. “იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია”, – წერს იგი.

„აიქლაუდით (ჯიპიესით) ფიქსირდებიან უწერაში, მაგრამ ყველაფერი 50/50-ზეა, უამრავი ვარაუდია, ზუსტი პასუხის გაცემა კითხვებზე კი შესაბამისად შეუძლებელი. მოკლედ და ერთი შეხედვით, რთული სიტუაციაა, რომელსაც თან ისევ წვიმაც დაემატა კვლავ. ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს“, – აგებინებს რაჭის ჯგუფის წევრებს მათი მეგობარი, ბაია გეგეშიძე.

ოჯახის წევრები ეძებენ დასასვენებლად ჩასულ სოფო და გიორგი ყარალაშვილებს.

სოფო და გიორგი ყარალაშვილები

და ეძებენ მათ მეგობარს, დავით ბერიაშვილს.

დავით ბერიაშვილმა ოთხშაბათ საღამოს შოვიდან მთების ფოტო დაპოსტა და დაწერა: „ამ მთავრობის პირობებში მთებშიც აღარ დარჩა თავისუფლება“.

შსს-ის ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 11 ცხედარი და ეძებენ კიდევ 25 ადამიანს. ყველა დაღუპულის ვინაობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close