იტალიასაზოგადოება

იტალიამ რეკორდული ტემპერატურის გამო 15 სექტემბრამდე საგანგებო პროტოკოლი აამოქმედა (რუკა)

იტალიამ რეკორდული ტემპერატურის გამო საგანგებო პროტოკოლი აამოქმედა, რომელიც 15 სექტემბრამდე იქნება ძალაში.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს სპეციალურ პროცედურებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძლიერი სიცხის გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

უწყების ცნობით, სასწრაფო დახმარების განყოფილებები, სახელწოდებით „დავიცვათ თავი სიცხისგან“ მოქალაქეებს კვირაში 7 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მოემსახურებიან.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:

მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და დარჩით შენობაში დღის ყველაზე ცხელ საათებში;

უზრუნველყავით უსაფრთხო სამუშაო პირობები;

გამოიყენეთ ჩრდილები მზის პირდაპირი სხივებისგან თავის ასარიდებლად;

გამოიყენეთ კონდიციონერი გონივრულ ტემპერატურაზე, ძალიან ცივი ტემპერატურა რეკომენდებული არაა;

დალიეთ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი დღეში;

იკვებეთ მსუბუქად; დაიცავით საკვების შენახვის პირობები;

ატარეთ მსუბუქი, ბუნებრივი ბოჭკოვანი ტანსაცმელი;

იმოგზაურეთ უსაფრთხოდ და არ დატოვოთ ბავშვები ან ცხოველები მანქანებში;

ივარჯიშეთ მხოლოდ დღის გრილ საათებში;

შეამოწმეთ ხანდაზმული და დაუცველი მეზობლები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საკმარისი წყალი, საკვები და შეუძლიათ, დაიცვან შინაური ცხოველები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეისათვის, საერთო ჯამში, იტალიის 20 ქალაქში ძლიერი სიცხეების გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, იტალიის კუნძულ სარდინიაზე, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს მიაღწევს და გაფრთხილებაა, რომ ექსტრემალური სიცხე შეიძლება, გაგრძელდეს იტალიის ზოგიერთ ნაწილში კიდევ 10 დღის განმავლობაში.

ქვეყნის დედაქალაქ რომში ტემპერატურა შეიძლება 40 გრადუსზე მაღალი იყოს მომდევნო 15 დღის განმავლობაში.

ipress.ge

წყარო: Ansa

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close