საზოგადოებაჩვენი ფავორიტისაბერძნეთი

უკანასკნელი ბერძენი

დემოგრაფიული პრობლემა: „იმიგრანტების ინტეგრაცია, როგორც ჩანს, ამ დროისთვის ყველაზე მყისიერი და რეალისტური გამოსავალია. დანარჩენზე ელინიზმი იზრუნებს“ - კოსტას იანაკიდისი

სტატია, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ბერძნულ პრესაში. ჟურნალისტი კოსტას იანაკიდისი სარკასტულად მსჯელობს თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საჭირბოროტო საკითხზე – ბერძენი ერის დემოგრაფიულ პრობლემებზე.

სტატია საბერძნეთის მთავრობის განცხადებების პასუხად დაიწერა. პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ირწმუნება, რომ ფინანსურად ხელს შეუწყობს მრავალშვილიან ოჯახებს, რათა ქვეყანა დემოგრაფიული ორმოდან ამოვიდეს. სტატიის ავტორი ნიჭიერად დაწერილი ტექსტის მეშვეობით გვიხსნის, რომ მთავრობის გეგმები რეალობისგან შორსაა და პრობლემა იმდენად ღრმა და ფუნდამენტურია, რომ მისი მოგვარება ტრადიციული მიდგომით შეუძლებელია, შესაბამისად, მიცოტაკისის გეგმა არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის. რამდენადაც საქართველოშიც არსებობს მსგავსი დემოგრაფიული პრობლემები, საჭიროდ ჩავთვალეთ, აღნიშნული სტატია ჩვენი მკითხველისთვის შეგვეთავაზებინა. 

უკანასკნელი ბერძენი

3766 წლის 15 აგვისტო (მარიამობა გრიგორიანული კალენდრით – რედ.) იქნება კარგი „ტრიიმერო“ (ბერძნებს უყვართ, როდესაც დღესასწაული პარასკევს ემთხვევა, რადგან სამი დღე გადაბმულად შეუძლიათ დასვენება. აქედან მოდის ტერმინი „ტრიიმერო“.) რადგან პარასკევია. და რამდენადაც საბერძნეთი არასოდეს კვდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ დღეებში კუნძულები ხალხით იქნება სავსე. ცხადია, კლიმატის ცვლილების გამო ვერასოდეს იქნები რამეში დარწმუნებული და შესაძლოა 3766 წლის აგვისტო ისეთი ცხელი იყოს, რომ ვერავინ გაბედოს თავის გამოყოფა ქალაქის გუმბათებიდან ან წყალქვეშა კუნძულოვანი დასახლებებიდან. მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ ტრადიციები შენარჩუნდება. ბერძნები დღესასწაულს ტურისტებისთვის სინთეტიკური სუვლაკის შეთავაზებით და სხეულის ბატარეების უფასო შევსებით იზეიმებენ. შემდეგ ვინმე გაიხსენებს, რომ მათ წლების განმავლობაში იაპონელი არ დაუნახავთ. ეს ლოგიკური იქნება. 3766 წლის 15 აგვისტოს პლანეტაზე მხოლოდ ორი იაპონელი იარსებებს. მეორე დღეს ერთი მოკვდება. როგორ ფიქრობთ, უკანასკნელი იაპონელი ჩამოვა საბერძნეთში 3766 წლის 15 აგვისტოს?

თარიღი შემთხვევითი არ არის. ბრწყინვალე გონების მქონე იაპონელი ინტელექტუალები დასხდნენ და თავიანთი ერის დემოგრაფიული ევოლუცია გამოთვალეს. თუ ასე გააგრძელებენ, 3766 წლის 16 აგვისტოს ბოლო იაპონელი შეიძლება სერიოზულად დაფიქრდეს, რა შეუძლია უყოს იმ ხმლებს, რომლებიც მუზეუმში ნახა.

იაპონია ძლიერი ქვეყანაა. მას არ აქვს „მემორანდუმები“ და კორუფცია, არ ჰყავს კორუმპირებული პოლიტიკოსები. უმუშევრობის დონე მუდმივად 3%-ზე დაბალია. მას ასევე აქვს ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა პლანეტაზე, მიუხედავად იმისა, რომ იქაურებს არასოდეს სმენიათ ხმელთაშუა ზღვის დიეტის შესახებ – ისინი უცნაური სუნის მქონე რაღაცებს ჭამენ. იაპონიაში დღეს დაბადებული ბავშვების ნახევარი საუკუნის შემდეგაც ცოცხალი იქნება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მუდმივად 400 000-ით მეტია შობადობაზე. ყოველი მესამე იაპონელი 65 წელზე მეტი ხნისაა. ხანდაზმულები დანაშაულს ჩადიან, რათა ციხეში მოხვდნენ, სადაც მეგობრებს შეიძენენ და მათზე იზრუნებენ. სიყვარულს ფრთები დაეწვა. ბავშვობის მეგობრები ერთმანეთზე ქორწინდებიან, რადგან სხვა გზა არ აქვთ. და შვილები არ ჰყავთ.

ასე რომ, თუკი იაპონელი  საბერძნეთის პარლამენტში დემოგრაფიულ საკითხებზე მიმდინარე დებატებს მოუსმენდა, ალბათ ჩაიღიმებდა და აუხსნიდა დეპუტატებს, რომ ფულს ბედნიერება არ მოაქვს და… არც ბავშვებს. ნათელია, რომ საბერძნეთის დემოგრაფიული პრობლემა კრიზისთან და ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობასთან არ არის დაკავშირებული. დიახ, 2050 წელს ჩვენ ვიქნებით მოხუცების ქვეყანა, ცარიელი სკოლებით, ცარიელი პარკებით და… არ გვექნება პარკირების პრობლემა. გერმანიაც, რომელიც ხანდაზმულთა პროცენტული მაჩვენებლით მეორეა იაპონიის შემდეგ, იმავე მიმართულებით მოძრაობს. თუმცა გერმანიას „მემორანდუმი“ არ აქვს. „მემორანდუმებს“ თავად აწესებს. მაგრამ მას ასევე ეყო შორსმჭვრეტელობა, მიეღო მილიონი ლტოლვილი თავისი დემოგრაფიის გასაძლიერებლად. არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის იქნება ის, ვინც სოსისებს შეწვავს ორი საუკუნის შემდეგ. მთავარია რომ სოსისები შეიწვება.

დღეს ერების უმეტესობა თავის დემოგრაფიულ პრობლემებს, ასე ვთქვათ, შოვინისტური კუთხით აფასებს. და ეს ლოგიკურია. ერები ცოცხალი ორგანიზმები არიან და თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვთ, მაგრამ დემოგრაფიული ევოლუციის მექანიზმი გრძელვადიან პერსპექტივაში შეუქცევადია. ამაში დავრწმუნდებით, თუკი წარსულს გადავხედავთ და დაკარგული ხალხების კვალს მოვიძიებთ. შესაძლოა, დისკუსიას, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ ფოლკლორული პროექცია ექნება ზენაციონალური ფორმების მქონე მომავალში. ჩვენ ცოტანი ვართ და მსოფლიოს ყველაზე მეტად განვითარებულ მხარეში ვცხოვრობთ. ბევრი ფულიც რომ გვქონდეს, შვილები მაინც არ გვეყოლება. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ დრო მაქსიმალურად სასიამოვნოდ გავატაროთ. მათემატიკურად დადასტურებულია, რომ მომავალი ჩვენს არსებობას არ ითვალისწინებს. მომავლის სამყაროში იბატონებენ ნიგერიელები, ინდოელები, ჩინელები, მექსიკელები… რუსები და ამერიკელები იბრძოლებენ. თუკი ჩვენ, ევროპელები, წარმატებას მივაღწევთ და შევქმნით ახალ ერს ძველი სამყაროს კულტურული ანკლავებით, შევძლებთ ავაშენოთ კიდობანი ენებისა და ეროვნული მეხსიერებისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ უნდა ვიყოთ და მივენდოთ დროს, რომელიც ხორბლის თავთავივით გვცელავს. იმიგრანტების ინტეგრაცია, როგორც ჩანს, ამ დროისთვის ყველაზე მყისიერი და რეალისტური გამოსავალია. დანარჩენზე ელინიზმი იზრუნებს. თქვენს შორეულ წინაპრებთან საუბარი რომ შეგეძლოთ, ისინი ამას დაგიდასტურებდნენ. იმ ენაზე, რომელიც, სავარაუდოდ, არ გესმით.

კოსტას იანაკიდისი

protagon.gr

თარგმნა გიორგი ჯანელიძემ

ამავე თემაზე: ციპრასი საბერძნეთის დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას მიგრანტების მეშვეობით აპირებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close