პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

მედიის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს – რა კომენტარს აკეთებს საპატრიარქო

პატრიარქის თანამოსაყდრის მკვლელობის მცდელობა –  ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს. ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მედიის ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო. შემდგომში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

თეოლოგი ზვიად ციბაძე მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი  მოსკოვის გვერდის ავლით ვერ განხორციელდებოდა და მიზანი მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილებაა.

„საპატრიარქოს ტაძარში მსახურების შემდეგ მოსაყდრემ თავი შეუძლოდ იგრძნო და მან მიმართა ექიმებს. ჩაუტარდა მას გამოკვლევა და ანალიზების მიხედვით მოსაყდრეს სისხლში დაუდგინდა დარიშხანი. ამის შემდეგ სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ ეს ამბავი ყოფილიყო გასაიდუმლოებული და ღამის საათებში ანზორ ჩუბინიძის უშუალო ხელმძღვანელობით, ისინი მიდიან სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ საკურთხეველში და ატარებენ კვლევებს, რომ აღმოეჩინათ ამა თუ იმ ლიტურგიკულ ნივთზე  დარიშხანის კვალი. შემოწმებული იქნა მოსაყდრე შიოს პირადი ნივთები დეტალურად.

როგორც ჩანს, დადგინდა მისი მოწამვლის ადგილმდებარეობა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს ტაძარი. დღეს უკვე აღარავინ აღარ მალავს იმ ინფორმაციას, შიდა სივრცეებში, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოწამლულია. როგორც ჩანს, ახალი დავალებებია მიღებული და ერთ-ერთი დავალება გახლავთ ის რომ, როგორმე იქნას ჩამოცილებული შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტს… შიო მუჯირის ლიკვიდაციის გეგმა მოსკოვის გვერდის ავლით ვერ განხორციელდებოდა“, – ამბობს თეოლოგი ზვიად ციბაძე.

მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ნაწილობრივი საფუძველი ჰქონდეს, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მეუფე შიო მუჯირის მდგომარეობა ნორმალურია და იგი ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება.

„ნაწილობრივ შეიძლება, საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების დაშვებულზე უფრო მეტი შემცველობა. სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღეისთვის რთულია. მეუფე შიოს მდგომარეობა არის ნორმალური, მუშაობს, ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვებისა და რაღაც ვარაუდების გამოთქმა, არ მგონია, ახლა მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ, შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს. ახლა რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი იქნება ვარაუდები და ეჭვები. მთავარია, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ერთია, შეიძლება, იყოს ყოფითი რაიმე შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევაც და, როგორც თქვეს, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, გამოძიებისთვის საპატრიარქოს ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავს.

„ვნახოთ ვითარებიდან გამომდინარე. უბრალოდ, ჩვენ თვითონ ვიყავით კვლევის რეჟიმში, ჩვენ უნდა გაგვერკვია, საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყო რაიმე მავნე ნივთიერებები, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. დღეისთვის რაც ვიცით, არის ის, რომ საკვები, რომელსაც იღებს, არის ჯანმრთელი. ყოველ შემთხვევაში, ის საკვები, რომელსაც მისთვის მაღაზიაში ყიდულობენ, ჯანსაღია. ბოლოს ღვთისმსახურებაზე დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ იყო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება და როდესაც არის დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდება. ამიტომ, შესაძლოა, არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ზოგადად ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად შესაძლებელია. ანალიზების კვლევა უცხოეთში ტარდება. შეუძლოდ იყო და, ბუნებრივია, ანალიზების გაკეთების საჭიროება დადგა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ამასთან, კითხვაზე:„დღეს გაიჟღერა თეთრუაშვილის სახელმა და გვარმა. შორენა თეთრუაშვილის კავშირს გამორიცხავთ?“

„ვარაუდები გამოითქვა და ამის ირგვლივ შეიძლება, ათასი რამე ითქვას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლოა, იყოს ჭორები ნებისმიერ ადამიანზე თქმული“, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close