სპორტი

როგორ იცვლებოდა კვარაცხელიას ღირებულება წლების განმავლობაში?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონი წარმატებით დაასრულა. 22 წლის ქართველმა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. კვარაცხელიას 2022-2023 წლების სეზონში საკლუბო და სანაკრებო ტურნირებზე მთლიანობაში 16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული.

ქართველის წარმატების შესახებ მთელი სეზონის განმავლობაში არაერთი გამოცემა წერდა. მის მიმართ ინტერესი ევროპის ტოპ-ლიგების კლუბებიდან კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებაზეც აისახა, რომელიც ამ დროისთვის 85 მილიონ ევროს შეადგენს. საინტერესოა, როგორ იცვლებოდა ხვიჩას ფასი წლების განმავლობაში?

ხვიჩას კარიერა დინამოს აკადემიიდან დაიწყო, საიდანაც ის, 2017 წელს, „დინამო თბილისში“ მოხვდა. 2018 წლის მარტში კვარაცხელია 180,000 ევროდ „რუსთავმა“ შეიძინა. ამ კლუბში კვარაცხელიამ ერთი წელი გაატარა და 2019 წლის თებერვალში იჯარის წესით კარიერა რუსეთში, კერძოდ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გააგრძელა. ამ დროისათვის ხვიჩას საბაზრო ღირებულება 350,000 ევროს შეადგენდა. ქართველ ფეხბურთელის იჯარის თანხა კი 100,000 ევროს შეადგენდა.

2019 წლის ზაფხულში იჯარის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებამ უკვე 900,000 ევროს მიაღწია. „რუსთავში“ დაბრუნებიდან მალევე, ხვიჩა რუსეთში, ამჯერად ყაზანის „რუბინში“ გადასვლას დასთანხმდა. კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 600,000 ევრო გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ქართველის საბაზრო ღირებულებამ 18 მილიონ ევროს მიაღწია.

კვარაცხელიამ „რუბინი“ 2022 წლის მარტში, კლუბთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ადრე დატოვა. ამის მიზეზი ამავე წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენებია. აღნიშნული მიზეზით რუსეთში კარიერის გაგრძელებაზე უარი არაერთმა სპორტსმენმა განაცხადა.

ხვიჩა „რუბინიდან“ კვლავ საქართველოში დაბრუნდა და თამაში ბათუმის „დინამოში“ გააგრძელა. ამ დროს მისი საბაზრო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენდა. ჯერ კიდევ რუსეთში თამაშის დროს კვარაცხელიას შეძენით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა, ამიტომ ხვიჩასა და ბათუმის „დინამოს“ გზები მალევე გაიყარა, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელმა შეთანხმებას იტალიის სერია A-ს კლუბთან მიაღწია და 2022 წლის ივლისში სათამაშოდ „ნაპოლიში“ გადავიდა. ტრანსფერის განხორციელების დროს ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა იტალიელებმა მის სანაცვლოდ 11.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

იტალიის სერია A-ში გამორჩეული სადებიუტო სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება არაერთხელ გაიზარდა. Transfermarkt-ზე ხვიჩას ფასმა გასული წლის სექტემბერში ჯერ 35 მილიონ ევრომდე მოიმატა, ნოემბერში კი თითქმის გაორმაგდა და 60 მილიონ ევროს მიაღწია. მიმდინარე წლის მარტში კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე, ეს მონაცემი კვლავ უცვლელი დარჩა ივნისში განახლებისას.

€85-მილიონიანი საბაზრო ფასით ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჩამონათვალში მოცემული დროისთვის მე-18 პოზიციას ოთხ მოთამაშესთან ერთად იყოფს. ქართველ ფეხბურთელებს შორის კი ხვიჩა საბაზრო ღირებულებით პირველ ადგილს იკავებს.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close