მიგრაციამსოფლიო

ირლანდია მის კუნძულებზე დასახლების მსურველებს 84 000 ევროს გადაუხდის, მაგრამ გარკვეული პირობებით (ვიდეო)

ირლანდიის ხელისუფლება უხვად დაასაჩუქრებს მათ, ვინც მის შორეულ კუნძულებზე დასახლდება. ქვეყანაში იწყება პროგრამა – ფულადი კომპენსაციის გაცემა მათთვის, ვინც  საცხოვრებლად ირლანდიის დასავლეთით, მოშორებით მდებარე 30-მდე კუნძულიდან რომელიმეს აირჩევს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ცხადია, მსურველებს თანხის მისაღებად გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, დაფინანსების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მათ წარმოდგენილი 30 კუნძულიდან ერთ-ერთზე მდებარე უძრავი ქონება უნდა შეიძინონ, თანაც შენობა 1993 წლამდე უნდა იყოს აშენებული და სულ ცოტა, 2 წლის განმავლობაში მაინც უნდა იყოს მიტოვებული. მთავრობის მიერ გრანტის სახით მიცემული ფულით ახალმოსახლეს შეუძლია სამშენებლო სამუშაოებიც ჩაატაროს: დაათბუნოს შენობა, სტრუქტურულად გააუმჯობესოს და გაარემონტოს.

ინიციატივა ირლანდიის პოლიტიკის „ჩვენი ცოცხალი კუნძულები“ (Our Living Islands) ნაწილს წარმოადგენს: ამ გზით ცდილობს ქვეყნის ხელისუფლება, კონტინენტური ნაწილიდან დაშორებული კუნძულების მოსახლეობა გაზარდოს.

„ამ პოლიტიკის მიზანია, მდგრადმა, ენერგიულმა თემებმა შეძლონ წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება მოშორებით მდებარე კუნძულებზე მრავალი წლის განმავლობაში“, – აცხადებს ირლანდიის ხელისუფლება.

„ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად ვნახავთ, რომ უფრო მეტ ადამიანი იცხოვრებს და იმუშავებს ამ კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, თუ სად არის მათი დამსაქმებლის სათავო ოფისი“, – განაცხადა სოფლისა და საზოგადოების განვითარების მინისტრმა ჰეზერ ჰამფრისმა.

ირლანდიის კონტინენტური ნაწილიდან მოშორებულ კუნძულებს შორის, რომლებიც შეგიძლიათ საცხოვრებლად აირჩიოთ და გრანტის სახით 84 ათასი ევრო მიიღოთ, არის საგრაფო დონეგალის სანაპიროსთან მდებარე არანმორი (Árainn Mhór) თავისი ოქროს სილებით და ციცაბო კლდეებით, აგრეთვე, კუნძული კლერი მეიოს საგრაფოს სანაპიროსთან, ტურისტული სამოთხე, სადაც მხოლოდ 160 ადამიანი ცხოვრობს.

კუნძული არანმორი, სადაც საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში 84 ათას ევროს გადაგიხდიან (wikipedia.org, facebook.com/Discover Arranmore)

არანმორის მოსახლეობამ კლება მე-19 საუკუნიდან დაიწყო და 2016 წლის აღწერით, იქ 469 კაცი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლება 2019 წლიდან ცდილობს, დისტანციურად მომუშავე ადამიანები მიიზიდოს კუნძულზე საცხოვრებლად, რომელიც პირველყოფილი ბუნებით, ველური პლაჟებით, მაღალი კლდეებით, შეკრული საზოგადოებით და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით გამოირჩევა, რაც საუკეთესო პირობაა დისტანციურად მომუშავეთათვის.

კუნძულის ერთადერთი სერიოზული მინუსი კლიმატური პირობებია: არ იცის გამოხატული ზაფხული, ხშირად მოდის კოკისპირული წვიმა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ კუნძულის ულამაზესი პეიზაჟები ამის კომპენსაციაა.

ასეთი გრანტები ირლანდიაში სხვა პროგრამის ნაწილია, რომელიც ქვეყნის კონტინენტურ ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს და  Croí Conaith ეწოდება, თუმცა საცხოვრებელი პირობები კუნძულებზე უარესია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ იქ ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის განვითარებული.

პროგრამაში მონაწილეობისა და დაფინანსების მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ საიტზე “Our Living Islands”.

მთელ ევროპაში რამდენიმე სხვა თემმაც წამოიწყო მსგავსი პროგრამა ახალი მაცხოვრებლების მისაზიდად. კერძოდ, იტალიასა და ესპანეთში ქალაქის ტიპის დასახლებები და სოფლები ფულადი სტიმულის ხარჯზე ცდილობენ თავიანთი შემცირებული მოსახლეობის გაზრდას.

მთის ქალაქი პონგა (ასტურიის პროვინცია) ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით იქ საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს 2971 ევროს გადაუხდის. ამჟამად პონგაში, რომლის უმაღლესი წერტილი 2142 მეტრზე მდებარეობს, 598 ადამიანი ცხოვრობს (2018 წ;ოს მონაცემი). თეთრი ქალაქი პრეზიჩე-აკვარიკა კი (Presicce-Acquarica) იტალიის სამხრეთ რეგიონ აპულიაში (ლეჩეს პროვინცია), სადაც 2017 წლის აღწერით 5356 ადამიანი ცხოვრობს, ახალმოსახლეებს 30 000 ევროს ოდენობის გრანტს ჰპირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close