იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი კანდიდატურა წარადგინა

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონი მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან პესკარაში გამართულ „იტალიის ძმების“ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ევროპარლამენტარის მანდატს არ მიიღებს, მისი მიზანია, საკუთარ პარტიას Fratelli d’Italia („იტალიის ძმები“) მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოუპოვოს.

„ჩვენ გვინდა, რომ იტალიამ ცენტრალური როლი ითამაშოს იმის შეცვლაში, რაც არ მუშაობს ევროპაში“, – აცხადებს მელონი.

იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი და მისი პარტიის მიზანია, როგორც იტალიის პარლამენტში, ევროპის პარლამენტშიც შექმნას მემარჯვენე ცენტრისტების ბლოკი, ხოლო მემარცხენეები უმცირესობაში გადავიდნენ, თუმცა კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან ამ ბლოკში, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაირკვევა.

მელონი იტალიის ხუთივე საარჩევნო ოლქში სიის პირველი ნომერი იქნება, თუმცა იგი პირობას დებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას თავისი, როგორც პრემიერ-მინისტრის, საჯარო ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო დროის არცერთ წუთს არ დაუთმობს.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლითაც ჯორჯა მელონის პარტიამ იტალიის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იყო, თუმცა ეს პრობლემა იტალიისთვის კვლავ მტკივნეულია და ევროპული სოლიდარობის მექანიზმი არ მუშაობს ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

ამჟამად მე-9 მოწვევის ევროპარლამენტში მელონის პარტია „იტალიის ძმები“ 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი.  Ipsos-ს მიერ Euronews-ისთვის ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, მელონის პარტიას ამომრჩეველთა 27% უჭერს მხარს და, შესაბამისად, შეუძლია ევროპარლამენტში 24 ადგილი მიიღოს.

ოპოზიციურ დემოკრატიულ პარტიას ამომრჩეველთა 20%-იანი მხარდაჭერა აქვს, მესამე ადგილზე მემარცხენე „5 ვარსკვლავის მოძრაობაა“, რომელსაც 16% უჭერს მხარს.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close