იტალიაპოლიტიკა

გარდაიცვალა სილვიო ბერლუსკონი – რეკორდსმენი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, კაცი, რომელმაც იტალიაში ტელევიზია და პოლიტიკა შეცვალა

გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სკანდალური იტალიელი პოლიტიკოსი, იტალიის 4-გზის პრემიერ-მინისტრი, პარტია „ფორცა იტალიას“ („Forza Italia“ – „წინ, იტალია“) დამფუძნებელი და ლიდერი სილვიო ბერლუსკონი. იგი 87 წლის სექტემბერში გახდებოდა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ბერლუსკონი 12 ივნისს მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც გასულ პარასკევს, 9 ივნისს მოათავსეს. ბერლუსკონის ე. წ. სისხლის კიბო – იშვიათი დაავადება, ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკოზი ჰქონდა.

რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოდან ბერლუსკონის ცხედარი მის კუთვნილ ვილა სან მარტინოში გადაასვენეს, არკორეში.

სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებას რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და სხვა ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ.

ჯორჯა მელონიმ ბერლუსკონის „იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი“ უწოდა.

ჯორჯა მელონი და სილვიო ბერლუსკონი; პირველი მარტი, 2018. ANSA/FABIO FRUSTACI

არიგო საკიმ, საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილმა მწვრთნელმა „ანსას“ სატელეფონო კომენტარში უთხრა, რომ ძალიან დამწუხრებულია და მიუხედავად ყველაფრისა, მის სიკვდილს არ ელოდებოდა. „ის გულუხვი და ბრწყინვალე ადამიანი იყო, მას მას ვუმადლი ყველაფერს“.

„სილვიო ბერლუსკონი გულუხვი ადამიანი იყო, – ამბობს „მილანის“ ყოფილი მწვრთნელი, – იგი ცდილობდა შეეცვალა ინდივიდუალისტებისგან შემდგარი ეს რთული ქვეყანა. ის იყო ინდივიდუალისტი? არა. იგი მთელ ქვეყანაზე ფიქრობდა და შორს ხედავდა. როდესაც მე ამიყვანა [გუნდის მწვრთნელად], ვუთხარი: „ან გიჟი ხარ, ან გენიოსი“. ჩვენს შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, პასუხი ნათელია“.

შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონი 30 წლის განმავლობაში ფლობდა მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბ „მილანს“, რომელიც 1986 წლის 20 თებერვალს შეიძინა. „გუნდს“ იმ პერიოდში რთული პერიოდი ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო კლუბის წარმატებები. ბერლუსკონის მფლობელობისას „მილანი“  8-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კონტინენტთაშორისო თასს 3-ჯერ დაეუფლა. 2016 წელს ბერლუსკონიმ საკონტროლო პაკეტი ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა. 2017 წელს აპრილში ცნობილი გახდა, რომ ინვესტორთა პულმა (pool) მილანის აქციებიs 99,93% 740 მლნ დოლარად გამოისყიდა.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ღრმა მწუხარება გამოხატა „ფორცა იტალიას“ ლიდერის გარდაცვალების გამო და თქვა, რომ ბერლუსკონიმ იტალიის ისტორიაში კვალი დატოვა.

„ღრმა მწუხარება დამეუფლა, როდესაც სილვიო ბერლუსკონის, Forza Italia-ს დამფუძნებლის და ლიდერის, იტალიის პოლიტიკისა და რესპუბლიკის ინსტიტუტების გრძელი სეზონის მთავარი გმირის, გარდაცვალება გავიგე.  ბერლუსკონი დიდი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელმაც კვალი დატოვა ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში, ზეგავლენა მოახდინა პარადიგმებზე, ურთიერთობებსა და ენებზე“, – განაცხადა მატარელამ.

იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესმა ადამიანმა, დაზღვევის სფეროს მაგნატმა, ბანკების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელმა, კომპანია Fininvest-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ პოლიტიკური მოღვაწეობა 57 წლის ასაკში დაიწყო. იგი იყო პირველი მულტიმილიონერი, რომელიც ევროპული სახელმწიფოს მთავრობის მეთაური გახდა. 2011 წელს, ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით, ბერლუსკონი 7.8 მლრდ დოლარის ქონებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 118-ე ადგილზე იყო (2005 წელს 12 მლრდ დოლარით იგი, ამავე გამოცემის ვერსიით, რეიტინგში 25-ე იყო, რაც მისი უმაღლესი მაჩვენებელია).

1970-იანი წლების ბოლოს ბერლუსკონიმ ევროპაში კომერციული ტელევიზიის პირველი ფართო ქსელი შექმნა. 1984 წელს  მან სამი საერთოეროვნული სატელევიზიო არხი – Canale 5, Italia 1, Rete 4 შეიძინა და შემდგომში ეს არხები გიგანტურ ჰოლდინგ Mediaset-ში გაერთიანდა. ეს იყო პირველი იტალიური კომერციული ტელეარხები, რომლებიც ევროპის მასშტაბით მაუწყებლობდნენ.

2018 წლის 28 სექტემბერს ბერლუსკონიმ იტალიის მესამე დივიზიონის (სერია C) კლუბი „მონცა“ შეიძინა. 2022 წლიდან (2022-2023 წლების სეზონში) „მონცა“ უკვე იტალიური ფეხბურთის ელიტურ ჯგუფში გამოდის – სერია A-ში „მონცამ“ მე-11 ადგილი დაიკავა 52 ქულით და მომავალ სეზონშიც სერია „ა“-ში იასპარეზებს.

იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობით ((1994-1995, 2001-2005, 2005-2006, 2008-2011 წლებში) სილვიო ბერლუსკონი რეკორდსმენია. თუ იტალიის სამეფოსაც ჩავთვლით, მას ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბენიტო მუსოლინი და ჯოვანი ჯოლიტი უსწრებენ.

სილვიო ბერლუსკონი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ფენომენალური რეკორდის ავტორია: 1994 წლის იანვარში პარტია „ფორცა იტალიას“ („წინ, იტალია“) დაარსებიდან სულ რაღაც 60 დღის შემდეგ ბერლუსკონიმ თავის პარტიასთან ერთად იტალიის საერთოეროვნული საპარლამენტო არჩევნები მოიგო.

სილვიო ბერლუსკონი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული და 5 შვილი ჰყავს: პირველი ქორწინებიდან – ქალიშვილი და ვაჟი, მეორე ქორწინებიდან – ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

სილვიო ბერლუსკონის ოთხშაბათს, 14 ივნისს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ოთხშაბათს მილანის საკათედრო ტაძარში – დუომოში გაიმართება.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: როგორ გამოიყურება 53 წლით უმცროს ცოლთან ერთად საშოპინგოდ გამოსული 86 წლის სილვიო ბერლუსკონი (ვიდეო)

როგორ გამოიყურება 53 წლით უმცროს ცოლთან ერთად საშოპინგოდ გამოსული 86 წლის სილვიო ბერლუსკონი (ვიდეო)

ბერლუსკონი და პუტინი ისევ დაძმობილდნენ – იტალიურ პოლიტიკაში საინტერესო ამბები ხდება

ბერლუსკონი და პუტინი ისევ დაძმობილდნენ – იტალიურ პოლიტიკაში საინტერესო ამბები ხდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close