საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ივნისის ბოლოს ჩატარდება
საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ივნისის ბოლოს გაიმართება, – ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
საბერძნეთის წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები ქვეყნის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუს შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ პარტიები უარს ამბობენ მთარობის ფორმირებაზე და ვადამდელი არჩევნების ივნისის ბოლოს ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
„პოლიტიკურმა ძალებმა დაადასტურეს, რომ შეუძლებელია ისეთი მთავრობის ფორმირება, რომელსაც პარლამენტის ნდობა ექნება“, – განაცხადა საბერძნეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ.
არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების მეორე ტური 25 ივნისს გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისის საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ნეა დიმოკრატია“ („ახალი დემოკრატია“) ხმების 40.8% მიიღო, ხოლო პრემიერის პოსტზე მიცოტაკისის წინამორბედის, ალექსის ციპრასის ოპოზიციურმა პარტია „სირიზამ“ – ხმების 20,1%. „ნეა დიმოკრატიას“ მიღებული ხმები არ ჰყოფნის,რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.
მედია წერს, რომ ამ მოცემულობით არჩევნების მეორე ტური, პრაქტიკულად, ფორმალობაა, მიცოტაკისის „ნეა დიმოკრატია“ მეტ ხმას დააგროვებს და გაიმარჯვებს, ახალი საარჩევნო კანონის თანახმად კი ხმების რაოდენობის შესაბამისი მანდატების გარდა, ბონუსად კიდევ 50 მანდატს მიიღებს საბერძნეთის ახალი მოწვევის პარლამენტში, რომელსაც 300 წევრი ეყოლება.
სპეციალისტების თქმით, „ნეა დიმოკრატიას“ მხარდაჭერა ამომრჩევლის მიერ უპრეცედენტოა 2009 წლის შემდეგ. მთელ ამ პერიოდში ვერცერთმა პრემიერ-მინისტრმა ვერ შეძლო, რომ მეორე ვადით დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში, რაც, მიცოტაკისმა, პრაქტიკულად მოახერხა. ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და მათ შორის ერთ-ერთია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საბერძნეთის მიერ დაკავებული მკაფიო პოზიცია, რამაც ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი აამაღლა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები