ვიდეოხელოვნებაარტისტი

როკენროლის დედოფალი დაგვემშვიდობა – 83 წლის ასაკში ტინა ტერნერი გარდაიცვალა (ვიდეო)

24 მაისს ლეგენდარული ტინა ტერნერი გარდაიცვალა. იგი 83 წლის იყო. მომღერალი ციურიხში, კუსნახტში გარდაიცვალა, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. როკენროლის დედოფალმა მუსიკალური კარიერის მანძილზე 8-ჯერ მოიპოვა „გრემის“ ჯილდო.

ძნელია ტინა ტერნერის ისტორიის მსგავსი იპოვო. მისი ცხოვრება სავსე იყო მოვლენებით, დრამებით, ტრაგედიებით, ძალადობებით, აღმაფრენით, დაცემით, ისევ აღორძინებით…

ენ მეი ბულოკი (Anna Mae Bullock) 1939 წლის 26 ნოემბერს დაიბადა ნატბუშში, ტენესის შტატში, თუმცა ამქვეყნიდან წავიდა, როგორც შვეიცარიის ნატურალიზებული მოქალაქე მას შემდეგ, რაც დიდი ხანია უკვე ლეგენდად იქცა თავისი შემოქმედებით.

ტინა ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინარული შემსრულებელი იყო, რომელიც კი ოდესმე მდგარა სცენაზე: მიკ ჯაგერი, მისი უახლოესი მეგობარი, ყოველთვის აღიარებდა, რომ სცენაზე ქცევის მანერა ტინას „მოჰპარა“ მაშინ, როცა The Rolling Stones-ის წევრები საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ. მათი ერთობლივი გამოსვლები აიკ და ტინა ტერნერებთან (Ike & Tina Turner) ერთად ისტორიაში შევიდა.

ტინამ ქმართან – აიკ ტერნერი ტერნერთან ერთად შექმნა ჯგუფი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როკენროლის დაბადებაში და იგი ცნობილ მომღერლად აქცია. სიმღერბმა – „ამაყი მერი“ („Proud Mary“),  «Nutbush CityLimit s» და «River Deep Mountain High» წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა.

ამის მიუხედავად აიკ ტერნერნმა, რომელიც სასტიკი ადამიანი იყო, ტინას ცხოვრება კოშმარად აქცია. ტინას ვაჟს, კრეიგს, რომელიც მას 19 წლის ასაკში გაუჩნდა ქორწინების გარეშე საქსოფონისტ რაიმონდ ჰილისგან. მას დრამატული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან. მან 59 წლის ასაკში თავი მოიკლა, რაც ტინასთვის დიდი დარტყმა იყო. მეორე ვაჟი, რონი ტერნერი კი, რომელიც მომღერალს აიკთან შეეძინა, ამ ამბიდან 4 წლის შემდეგ საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. 62 წლის რონის კიბოს მძიმე ფორმა ჰქონდა.

ტინა აიკთან ცხოვრების კოშმარულ 16-წლიან ეტაპზე ჰყვება თავის პირველ ავტობიოგრაფიულ წიგნში “I, Tina”, რომლის მიხედვითაც დრამატიზმით სავსე ფილმიც გადაიღეს – “What’s Love Got to Do with It?”

მან ამ საშინელებას, პრაქტიკულად, „ცარიელ-ტარიელმა“ დააღწია თავი 1976 წელს და ისევ ნულიდან დაიწყო. შემდეგ იყო მისი მეორე ცხოვრება სუპერდივის რანგში, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ააწყო  ელ გრინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქავერით  «Let’s Stay Together», «Private Dancer», «What’s Love Got To Do With It», «The Best»… სენსაციურად რეკორდული გაყიდვები (საუბარია 200 მლნ-ზე მეტ გაყიდულ ასლზე), სენსაციური კონცერტები, „გრემის“ პრემიები, კენედი ცენტრის ჯილდოები, სხვა არტისტების (მათ შორის და უწინარეს ყოვლისა, ბიონსეს) ტრიბიუტები, დაუვიწყარი კინოროლები…

 

ცხოვრების მეორე ეტაპზე, 30 წლის განმავლობაში მან ნუგეში ბუდიზმში პოვა, შვეიცარიის მოქალაქე გახდა, ლუგანოს ტბის სანაპიროზე დასახლდა და ცოლად გაჰყვა თავისზე 16 წლით უმცროს ერვინ ბახს, რომელსაც პირველად 1986 წელს შეხვდა კიოლნის აეროპორტში. ტინას თქმით, მაშინვე მიხვდა, რომ ერვინი ის მამაკაცი იყო, რომელსაც აიკთან განშორების შემდეგ მთელი 10 წელი ელოდა. ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. ტინას ვაჟიშვილზე სულ რაღაც 3 წლით უფროსი ბახი ხმის ჩამწერ კომპანია EMI-ს წარმოადგენდა, რომელთანაც ტინას კონტრაქტი ჰქონდა. ტინა კიოლნში სოლო კონცერტის გასამართად ჩავიდა.

ერთ საღამოს, ვახშამზე ტინამ გამბედაობა მოიკრიბა და ვაჟს უთხრა: „როდესაც ამერიკაში ჩამოხვალ, მინდა, რომ შემიყვარო“…

ოფიციალურად ერვინმა ტინას ცოლობა მათი ურთიერთობიდან 3 წლის შემდეგ სთხოვა, თუმცა პირველი ქორწინების დროს განცდილი სიმწარის გამო ტინამ უარი თქვა ამაზე. ერვინმა მხოლოდ 23 წლის შემდეგ გაბედა კიდევ ერთხელ ეთხოვა ხელი მისთვის და თანხმობაც მიიღო. ისინი დაქორწინდნენ. მომღერლის თქმით, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა პრობლემა არ ყოფილა და არც არასდროს იგრძნობოდა ურთიერთობაში, უფრო მენტალური სხვაობა იყო, როგორც ამერიკელსა და ტიპურ გერმანელს შორის.

მაგრამ როგორც ჩანს, ტინა ტერნერს ბედისგან ასე ეწერა, რომ კიდევ ერთხელ თავიდან უნდა დაეწყო ცხოვრება. როცა თითქოს ჩანდა, რომ ბოლოს და ბოლოს  სიმშვიდე და მყუდროება იპოვა, ჯანმრთელობამ უმტყუნა: თავიდან – ინსულტი, შემდეგ – ნაწლავის კიბო, ბოლოს – თირკმლის მწვავე უკმარისობა, რამაც არჩევანის წინაშე დააყენა: ან დიალიზი, ან ტრანსპლანტაცია.

გულწრფელობით გამორჩეულმა ტინა ტერნერმა აღიარა, რომ ევთანაზიაზეც ფიქრობდა. მაშინ ქმარმა მას თავისი თირკმელი აჩუქა და რამდენიმე წელი მშვიდი ცხოვრება დაუბრუნა.

ახლა კი იგი ფინიშამდე მივიდა, თუმცა იყო და დარჩა როკის დედოფლად, განუმეორებელ, წარმოუდგენლად პოპულარულ მომღერლად, სუპერდივად, რომელიც მთელ მსოფლიოს უყვარს და ეყვარება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close