ვიდეომსოფლიოხელოვნება

AMERICAN IDOL-ის 21-ე სეზონის გამარჯვებული იამ ტონგი გახდა; ნუცამ დუეტი კაილი მინოუგთან ერთად შეასრულა (ვიდეო)

 „ამერიკენ აიდოლის“ დასკვნითი კონცერტის ბოლოს კვირას (საქართველოს დროით – ორშაბათ დილით) წლევანდელი გამარჯვებული გამოცხადდა – მეგაშოუს 21-ე სეზონის „კერპი“ ჰავაიელი მომღერალი, 18 წლის იამ ტონგი (Iam Tongi) გახდა, რომელმაც პირველივე დღეს დაიპყრო მაყურებელთა დიდი ნაწილის გული. ამის შემდეგ შოუ ოფიციალურად დაიხურა.

გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ მაყურებელთა აზრი გაიყო: ბევრმა ჩათვალა, რომ მეგაშოუში იამ ტონგის გამარჯვება „ფალსიფიცირებული“ იყო, ნაწილის თქმით, ჰავაიელმა ბიჭმა გამარჯვება უფრო თანაგრძნობის ხარჯზე მოიპოვა და საუკეთესო ხმა კი დამარცხდა. საქმე ისაა, რომ იამმა პირველად გამოსვლისას ჯეიმზ ბლანტის სიმღერა ‘MonSters’ შეასრულა, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და ჟიურის წევრებიც აატირა და მაყურებელთა დიდი ნაწილის გულიც მოიგო.

დასკვნით კონცერტზე იამმა ეს სიმღერა უკვე ჯეიმზ ბლანტთან ერთად შეასრულა ძალიან ემოციურად და ისევ აატირა ჟიურის წევრები და მაყურებლებიც.

„გრანდ ფინალში“ ნუცა ბუზალაძეც მონაწილეობდა, როგორც Top-12-ის წევრი. ნუცამ პირდაპირ ეთერში დუეტი იმღერა „გრემის“ ჯილდოს მფლობელ ავსტრალიელ-ბრიტანელ მომღერალთან და მსახიობთან, კაილი მინოუგთან (Kylie Minogue) ერთად. კაილიმ ჯერ თავისი ახალი სიმღერა შეასრულა, შემდეგ უკვე სცენაზე ნუცაც გამოჩნდა, რასაც დარბაზის მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.

სოციალურ ქსელებში განსჯის საგანი გახდა ფინალურ შოუზე ჟიურის წევრის, კეტი პერის სექსუალური ლუქიც: ბევრმა გააკრიტიკა მომღერალი, რომელსაც მილანური ბრენდის, Giuseppe di Morabito-ს გამჭვირვალე ნარინჯისფერი კაბა ეცვა.

მაყურებელთა და გულშემატკივართა ნაწილს კი ამერიკული მეგაშოუს ჟიურის წლევანდელი შემადგენლობა არ მოეწონა (ლაიონელ რიჩის, კერი პერი და ლიუკ ბრაიანი) და ამის შესახებ წერდა.

ასეა თუ ისე, შოუ დასრულდა და 2023 წლის გამარჯვებული იამ ტონგი გახდა.

ჩვენთვის  American Idol-ის 21-ე სეზონი მნიშვნელოვანია, რადგან ქართველმა მომღერალმა პირველად მიიღო მასში მონაწილეობა და თან ფინალურ ეტაპზე გადავიდა – Top-12-ში მოხვდა. ეს თავად შოუსთვისაც ისტორიული ფაქტია, რადგან ფინალურ ეტაპზე ნუცამდე არასდროს გადასულა უცხოელი მომღერალი.

სავარაუდოდ, ნუცა ბუზალაძისთვის ეს კონკურსი მისი ცხოვრების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყების ათვლის წერტილი გახდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close