მსოფლიოეკონომიკა

ნიუ-იორკი თავისი ცათამბჯენების სიმძიმისგან იძირება – ახალი კვლევა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა და მათმა კოლეგებმა როდ აილენდის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ ნიუ-იორკი არა მარტო მსოფლიო ოკეანის დონის მომატების გამო, არამედ თავისი ცათამბჯენების სიმძიმისგან იძირება, წერს Science Alert-ი.

ამერიკელმა მკვლევრებმა თანამგზავრების მონაცემები გააანალიზეს, ქალაქის გეოლოგიურ მაჩვენებლებს შეუდარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნიადაგი ნიუ-იორკის ცათამბჯენების ქვეშ წელიწადში დაახლოებით 1-2 მილიმეტრის სიჩქარით „ჯდება“. შესაძლოა ეს ციფრები უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა არც ისე უმნიშვნელოა, მით უფრო, რომ ქალაქის ზოგიერთი რაიონის „დაძირვის“ სიჩქარე უფრო მაღალია.

გეოლოგების ვარაუდით, ნიადაგის დეფორმაციამ შეიძლება რეალური პრობლემები შეუქმნას 8-მილიონ ქალაქს.

მკვლევრებმა საფრთხეების განსასაზღვრად ნიუ-იორკის ნაგებობების ჯამური მასა გამოთვალეს, რაც დაახლოებით 764 000 000 ტონას უდრის. ამასთან, გათვლებისას გაითვალისწინეს მხოლოდ შენობებისა და მათი შემცველობის მასა, ხოლო გზები, ტროტუარები, ხიდები, რკინიგზა და სხვ. მხედველობაში არ მიუღიათ. მეცნიერებმა გაითვალისწინეს, აგრეთვე, ნიადაგების რთული გეოლოგია ნიუ-იორკის ქვეშ. აღმოჩნდა, რომ თიხით მდიდარი ნიადაგები უფრო მეტად ექვემდებარება „დაჯდომას“, მაშინ როდესაც უფრო ელასტიკურმა გრუნტმა სწრაფად აღდგენის უნარი გამოავლინა, ხოლო ქვენაფენი მყარი ქანები ნაკლებად იძვრის. კვლევის ავტორების პროგნოზით, მზარდი ურბანიზაცია, მათ შორის, ნიადაგის ამოშრობა და გრუნტის წყლების ამოქაჩვა მხოლოდ გაამწვავებს პრობლემას.

„უნდა გავზარდოთ ადამიანების ცნობიერება იმის შესახებ, რომ ნებისმიერმა დამატებითმა შენობამ, რომელიც სანაპიროზე, მდინარის ან ტბის პირას აიგება, შეიძლება მომავალი წყალდიდობების რისკს შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ტომ პარსონსმა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურიდან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close