ეკონომიკაპოლიტიკა

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა მოხსნა და სავიზო რეჟიმსაც აუქმებს

რუსეთმა საქართველოში პირდაპირი რეისების და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა. ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე იხსნება აკრძალვა რუსული ავიახაზების ფრენისთვის და ტურების გაყიდვისთვის.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან უქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.

რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ შიდა წარმოების თვითმფრინავებით.

რუსული მედიის ცნობითვე, საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგება არაუადრეს ორი კვირისა.

სააგენტო Aviaport-ის მთავარი რედაქტორის, ოლეგ პანტელეევის თქმით, პირველი რეისები „უკეთეს შემთხვევაში, 2 კვირის შემდეგ დაიწყება ან შესაძლოა ერთი თვის ან მეტი ხნის შემდეგ… ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების რეაქციასა და ოპერატიულობაზე იქნება დამოკიდებული“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მორიგ პროვოკაციად აფასებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, საჯაროდ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი განიხილოს.  მისი თქმით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია, ვიდრე რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და განაგრძობს საომარ მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ.

„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზეც ისაუბრა: „მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია“, – განაცხადა მან.

„…ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს უკვე გამოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს რაღაც ზომები სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close