დღის თემავიდეოპოლიტიკასაქართველო

პარლამენტთან წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ (ვიდეო)

დაპირისპირება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათია წყლის ჭავლს იყენებენ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ  ცრემლსადენ გაზსაც და, სავარაუდოდ, ე.წ. „წიწაკის სპრეისაც“ იყენებს.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული 4 სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის, აალებადი საშუალებები.

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა დღეს, 7 მარტს პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც, მმართველი პარტიის თავდაპირველი განცხადებით, პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენაზე ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა გაეტანათ. ამის მიუხედავად დღეს, დღის ბოლოს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი განეხილათ. განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს კიდეც.

განხილვამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა:

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ადგილზე მისულ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს და ალეკო ელისაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს რუსეთის მონა უწოდეს, კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს.

ლევან იოსელიანი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

„… ვიღაცებს მოვწონვარ ჩემი ყოფილი პოლიტიკური წარსულის გამო, ვიღაცას არ მოვწონვარ. ვიღაცებმა გამოხატეს ეს უფრო აგრესიულად, არა უშავს, ეს არ არის პრობლემა. მე ჩემი უფლებამოსილება უნდა შევასრულო. მინდა, ეს ყველაფერი სწორად შევაფასო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან იოსელიანი  სახალხო დამცველად პარლამენტმა დღეს, 7 მარტს აირჩია.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია თავდაცვის ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკიდან ვიდეოჩართვით გამოეხმაურა აქციას და განაცხადა, რომ „ეს კანონი არავის არ სჭირდებოდა“ და „არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით“.

„ეს კანონი არის გასაუქმებელი რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა. არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი.

მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირში. ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპისგან“.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ დოკუმენტის ინიციატორმა „ხალხის ძალამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკან „გაიწვიონ“.

თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და ადამიანის უფლებებს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის „ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა“.

„არავინ ინტერესდებოდა რეალურად კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას პლენარული სხდომის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა.

ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.

როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.

დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია, თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენ მიერ. სინამდვილეში მინიმუმ სამი თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქციის მსვლელობისას რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა პოლიციელებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. პოლიცია ისევ იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქციის რამდენიმე მონაწილე პარლამენტის ეზოში, ჭიშკრის უკან განლაგებულ სპეცრაზმს სხვადასხვა, მათ შორის, აალებად საგანს ესვრის.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად დაახლოებით 01:30 სთ-ზე (8 მარტს) სპეცდანიშნულების რაზმების ახალი ჯგუფები გამოჩნდნენ ჩიტაძის ქუჩაზე და ასევე თავისუფლების მოედანზე. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი წყლის ჭავლს უშვებს, თავისუფლების მოედნიდან კი რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიშალონ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს „კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.

ისმის ცრემლსადენი აირის ყუმბარების სროლის ხმაც.

სტატია განახლებულია 8 მარტს, 02.00 სთ-ზე, დამატებული აქვს ბოლო 3 აბზაცი. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close