სკანდალის შემდეგ „ბალენსიაგა“ დაბრუნდა – მოდა ჩემთვის „გართობა“ აღარ არის, ამბობს დემნა გვასალია (ვიდეო)
ცოტა ხნის წინანდელი დიდი სკანდალის შემდეგ „ბალენსიაგა“ დაბრუნდა – ბრენდის ჩვენება პარიზში გაიმართა, მოდის კვირეულის ფარგლებში. ამჯერად შოუ სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერით არ გადაიცემოდა.
მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ ჩვენებაზე ახალი, სხვაგვარად გააზრებული კოლექცია წარადგინა. მან განაცხადა, რომ ახლა მოდას აღიქვამს, არა როგორც გართობას, არამედ, როგორც სამოსის შექმნის ხელოვნებას.
„6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მშობლებმა უფლება მომცეს, შარვალი მეზობელ მკერავთან შემეკერა. შევიკერე შარვალი, ქსოვილების მაღაზიაში ქსოვილი შევარჩიე და ორჯერ ვიყავი მოსინჯვაზე მკერავთან. ეს იყო ტანსაცმლისადმი ჩემი სიყვარულის დასაწყისი: ის, რამაც ჩემი დამოკიდებულება განსაზღვრა და დიზაინერად გახდომა მომანდომა.
მოდა ერთგვარ გართობად იქცა, მაგრამ ეს ნაწილი ხშირად არსებითს ჩრდილავს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მჭირდებოდა მეპოვა თავშესაფარი მოდისადმი ჩემი სიყვარულისთვის და ის ინსტინქტურად ვიპოვე ტანსაცმლის შექმნის პროცესში. ამან ერთხელ კიდევ შემახსენა მისი საოცარი ძალა, თავი ბედნიერად მაგრძნობინოს და ნამდვილად გამოვხატო საკუთარი მე. აი რატომ არის, რომ ჩემთვის მოდა მეტად აღარ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გართობა, არამედ უფრო, როგორც ტანსაცმლის შექმნის ხელოვნება“, – ამბობს დემნა გვასალია.
View this post on Instagram
„ბალენსიაგა“ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც რეკლამაში ბავშვები გადაიღო ტყავის პორტუპეაში შემოსილ პლუშის სათამაშო დათვებთან ერთად. ფოტოების ავტორია იტალიელი ფოტოგრაფი გაბრიელე გალიმბერტი. მოდის სახლი ბავშვების სექსუალიზაციაში დაადანაშაულეს. დემნას საჯარო ბოდიშის მიუხედავად მას თაყვანისმცემელი ვარსკვლავებიც დაუპირისპირდნენ კიმ კარდაშიანის და ბელა ჰადიდის მეთაურობით.
სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Adidas-მა, რომელმაც წინა დღით Balenciaga-სთან ერთობლივი პროდუქცია გამოუშვა, გადაწყვიტა მოდის სახლთან თანამშრომლობის საკითხისთვის გადაეხედა, Balenciaga x Adidas-ის კოპროდუქციის წინასწარი შეკვეთები შეაჩერა და კლიენტებს „მიწოდების შეფერხების“ შეტყობინება გაუგზავნა.
პარიზის მოდის კვირეული 27 თებერვალს დაიწყო და 7 მარტამდე გასტანს. „ბალენსიაგას“ ჩვენება 5 მარტს მოეწყო, დემნა გვასალიამ 2023-2024 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები