კრიმინალისაქართველო

პოლიციამ ორწლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა დააკავა – შსს დაკავების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

ძარცვასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც 2 წელი იმალებოდა, დაკავებულია. დაუზუსტებელი ცნობით, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი ზუგდიდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც სამართალდამცავებმა ძებნილი ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები  მიმდინარეობს. „კურიერის“ ინფორმაციით აქ ოპერაცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, დანაშაულში ბრალდებული კი დილით დააკავეს და ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, იქიდან კი – ქუთაისის ციხეში.

ესებუას დანაშაულები, რაშიც ბრალს უყენებენ, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ ესებუას დაკავების დეტალები მისთვის უცნობია და დაკავების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულის მონახულებას ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუას შესახებ განცხადებასა და დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ე დააკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

თავდასხმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა – რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

ამავე თემაზე:

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ზუგდიდელი“ თავდამსხმელის ვინაობას ასაჯაროებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close