საზოგადოებასაქართველო

ზურაბ ჭავჭავაძემ თავისი ბობოქარი ცხოვრებით საქართველოსთვის იცხოვრა

ყვარელში მრავალი ღირსეული მამულიშვილი დაიბადა და აღიზარდა. ბევრი მათგანის მძლავრი ფესვები ყვარელს უკავშირდება. ყვარლის მთები და ყვარლის მადლიანი მიწა საქართველოს ბეთლემია, სადაც „გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის…“ იშვა დიდი ილია, წმინდა ილია მართალი.

საქართველოში ჭავჭავაძეების დიდებული გვარი ყოველთვის გამოირჩეოდა მამულიშვილობით. ყვარლელი ჭავჭავაძეების წარმომადგენლებმა მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათი გვარი ღვთისგან დალოცვილი და საქართველოს წინაშე დიდად დამსახურებული გვარია. ისინი საუკუნეების განმავლობაში ერთგულად იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე.

სახელხმიანი წინაპრების ბრწყინვალე წარმომადგენელია 1980-იანი წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ჭეშმარიტი ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი ზურაბ ჭავჭავაძე. ზურაბმა, თანამებრძოლებთან ერთად, გამოაღვიძა მთვლემარე ქართველობა და თავისი აქტიური მოღვაწეობით ბევრი გააკეთა ეროვნული თვითშეგნების ასმაღლებლად.

ზურაბი დიდი ილიას თაყვანისმცემელი და ილიას გზით მავალი ღირსეული მამულიშვილი იყო. მისთვის ილია და საქართველო სინონიმებს წარმოადგენდა. იგი ილიას იდეებზე აღიზარდა და ჩამოყალიბდა, როგორც კაცი,როგორც მამულისთვის, მშობლიური ენისთვის, სარწმუნოებისთვის მებრძოლი ჭეშმარიტი რაინდი.

ზურაბ ჭავჭავაძე იყო მგზნებარე გულისა და სპეტაკი სულის ადამიანი, ნათელი და გამჭრიახი გონებით, სიტყვამართალი, ბრძნად მოუბარი, მიზანდასახული, რაინდულად შემართული, დახვეწილი მანერებითა და მომხიბვლელობით. მას განგებამ უბოძა განსაკუთრებული, ჯადოსნური უნარი ადამიანებთან ურთიერთობისა; დაანათლა მოყვასის სიყვარული, დიდსულოვნება, კეთილშობილება. იგი სამშობლოს უზომოდ მოყვარული და ერთგული იყო.

ზურაბი მთელ თავის ძალ-ღონესა და სასწაულებრივ შემართებას ქვეყნის სამსახურს ახმარდა. მას სწამდა თავისი ქვეყნის არამარტო წარსული, იგი თავისი საქმით ჰიმნს უმღეროდა ქვეყნის მომავალს და, ამასთან ერთად, ობიექტურად აღიქვამდა აწმყოს. მას უდიდესი სურვილი ჰქონდა, საქართველო ეხილა გაერთიანებული, დამოუკიდებელი, ძლიერი და აყვავებული.

ქართული სიტყვის დიდოსტატი ლევან გოთუა თავის უკვდავ „გმირთა ვარამში“ ბრძანებს: „…გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა, საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში“. ზურაბ ჭავჭავაძემ თავისი ბობოქარი ცხოვრებით საქართველოსთვის, საერთო სიკეთისთვის იცხოვრა და იბრძოლა.

ზურაბი ამაყობდა თავისი ფესვებით და ძლიერ უყვარდა ყვარლის მიწა-წყალი, სახელოვანი წინაპრების საუფლო და სამუდამო განსასვენებელი. მისთვის მშობლიურ ყვარელში სტუმრობა ყოველთვის ზეიმი იყო.

ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელის უკვდავსაყოფად ახლო მომავალში ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნება; ჭავჭავაძეთა საგვარეულო წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარედ კი დაიდგმება ზურაბ ჭავჭავაძის ბიუსტი. გადაწყვეტილება მიღებულია და საქმე დაწყებულია. ყვარლის საზოგადოება მიესალმება საქართველოს მთავრობის ამ ეროვნულ ნაბიჯს. ახლა საჭიროა პროცესების დაჩქარება. დროის დაკარგვა დაუშვებელია, დრო ძვირად ფასობს.

ბიბლია გვმოძღვრავს: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“. დიახ, ღვთის განგებით, დადგა დრო, რომ ზურაბ ჭავჭავაძე ღირსეულად დამკვიდრდეს თავისი წინაპრების მამულში.

5 თებერვალი ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირის დაბადებიდან 70 წლისთავი შესრულდა. ყვარელი დიდი სიყვარულით და მოწიწებით ხვდება თავისი მონატრებული შვილის საიუბილეო თარიღს.

ზურაბის უკვდავი სული კი მუდამ თან სდევს მის შესანიშნავ, სამაგალითო ოჯახს, მისთვის უსაყვარლეს ყვარელს და სრულიად საქართველოს.

ოთარ დავითაშვილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის „მედია-ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, ფაზისის აკადემიის კახეთის მხარის რეგიონული ცენტრის  ხელმძღვანელი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close