მოგზაურობასპორტი

მფრინავი ტაქსები მილანში – სად აიგება პირველი ვერტიპორტი და რა ეღირება ურბანული დრონებით მგზავრობა?

მალპენსიდან და ლინატედან სიტილაიფამდე და პორტა რომანამდე... პირველი სამუშაოები 2024 წელს დაიწყება; მიზანი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაა, დღეში 2 ათასამდე მგზავრის გადაყვანას ვარაუდობენ

2024 წელს მილანში ოფიციალურად დაიწყება მუშაობა პირველ ზონებზე, რომლებიც მფრინავი ტაქსებისთვის იქნება განკუთვნილი. ორი ვერტიპორტი (საჰაერო ტაქსების სადგური) აიგება მილანის ცენტრალურ რაიონებში – Citylife-სა და Porta Romana-ში და კიდევ ორი – Linate-სა და Malpensa-ში, რომლებიც ორიოდე წელიწადში საშუალებას მისცემს მგზავრებს, აეროპორტებიდან ლომბარდიის დედაქალაქის ცენტრში საჰაერო გზით, ურბანული დრონებით მივიდნენ (უფრო სწორად, მიფრინდნენ).

საქალაქო მფრინავი ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანის დაწყება 2026 წლისთვის იგეგმება, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ვარაუდობენ დაახლოებით 2000 მგზავრის გადაყვანას დღეში. ეს განცხადება კომპანია Sea-ს პირველმა პირმა, არმანდო ბრუნინიმ გააკეთა.

ახალი კომპანია Sea ვერტიპორტების დაპროექტებაზე, მშენებლობასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი, შესაბამისად, საჰაერო ელექტროტაქსების ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზეც.

ინვესტიციების მოცულობა, ბრუნინის შეფასებით, 30 მლნ ევროზე მეტია, ხოლო ბრუნვა 2030 წელს „დაახლოებით 13 მლნ ევრო იქნება, 2 მლნ ევროს მოგებით“.

გეგმა ითვალისწინებს მილანის მალპენსის აეროპორტის ტერიტორიაზე დიდი ვერტიპორტის – მინი ჰაბის მშენებლობას. ქალაქში კი, ბრუნინის განმარტებით, ვერტიპორტები უფრო ნაკლები ზომისა იქნება, დაახლოებით 3-4 ათასი კვადრატული მეტრი – „როგორც ვერტმფრენის მოედანი, მაგრამ პატარა ტერმინალით რეგისტრაციისთვის“.

საჰაერო ელექტროტაქსების მიზანს წარმოადგენს ათასობით ადამიანის გადაყვანა, რომლებიც ლომბარდიის დედაქალაქში მილანი-კორტინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ჩავლენ.

მილანის პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა კომპანია Sea-ს დავალებით ლომბარდიის 17 უბანი გააანალიზა, რომლებიც ვერტიპორტებისთვისთვის გამოდგებოდა: მალპენსისა და ლინატეს გარდა, ესენია 9 ზონა ქალაქში და 6 – რეგიონის მასშტაბით. „აშკარაა, რომ პროვინციების დედაქალაქები უნდა განვიხილოთ, როგორც ვერტიპორტების განთავსების ადგილი“, – განმარტავს ბრუნინი, – „ისევე, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ სხვა სტრუქტურა კომოს ტბაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ტურისტულ სეგმენტში მათთვის, ვინც ლომბარდიის აეროპორტებში ჩამოფრინდება“.

რაც შეეხება მილანს, Citylife-ის ვერტიპორტის პროექტი „უფრო წინწასულ სტადიაზეა, პროექტი Porta Romana-სთვის კი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული“.

მათ, ვინც 2026 წელს მილანის მალპენსის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოხვედრას მოინდომებს ურბანული დრონით, შეუძლიათ ასეც იმგზავრონ დაახლოებით 120 ევროს ფასად ორ ადამიანზე, რომელთა გადაყვანასაც შეძლებს ეს საჰაერო ელექტრომანქანა. მოგვიანებით ფასი 70 ევრომდე უნდა შემცირდეს.

ბრუნინი, აგრეთვე, განმარტავს, რომ მგზავრობის ტარიფები მომსახურე ოპერატორმა უნდა დაადგინოს. რადგან „Sea ვერტიპორტს შესთავაზებს, მფრინავ ტაქსებს კი ოპერირებას სხვა კომპანიები გაუწევენ“.  სასინჯი ეტაპის შემდეგ, ადაპტაციის პერიოდში არა მარტო მგზავრობის ფასები შემცირდება, არამედ მფრინავი ტაქსები შეძლებენ  ერთი მგზავრობისას უფრო მეტი – 4-იდან 6 ადამიანამდე გადაყვანას დაახლოებით 30-60 კმ-ის მანძილზე.

მილანის განცხადება უბრანულ საჰაერო ტაქსებთან დაკავშირებით მოჰყვა კომპანია Aeroporti di Roma-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აპირებს დაიწყოს ქალაქის სხვადასხვა უბნის და ქალაქების და აეროპორტების დაკავშირება ერთმანეთთან მფრინავი ტაქსების მეშვეობით 2025 წელს. კომპანიამ, რომელიც რომის ფიუმიჩინოსა და ჩამპინოს აეროპორტებს მართავს, განაცხადა, რომ ინვესტიცია განახორციელა კომპანია Volocopter-ში, რომელიც ვერტიკალური აფრენის და დაფრენის ელექტრული აპარატის შექმნაზე მუშაობს. პირველი ექსპერიმენტული გაფრენა გასული წლის 6 ოქტომბერს განხორციელდა იმ მიზნით, რომ საჰაერო ტაქსებმა ოფიციალურად დაიწყონ მგზავრების გადაყვანა 2025 წლის საიუბილეო წელთან დაკავშირებით.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ხალხს მფრინავი ტაქსები მოემსახურება (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close