საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობით გადაკვეთენ. შესაბამის შეთანხმებას ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, სხდომის შემდეგ ხელი მოეწერა, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.
კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კომენტარები