ვატიკანმა 40 წლის წინათ გაუჩინარებულ 15 წლის მოზარდზე გამოძიება განაახლა
ვატიკანმა 40 წლის წინათ გაუჩინარებული ემანუელა ორლანდის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.
1983 წლის 22 ივნისს 15 წლის ემანუელა ორლანდი ფლეიტის გაკვეთილის შემდგომ შინ არ დაბრუნებულა. ორლანდების ოჯახი ვატიკანში ცხოვრობდა, ხოლო ემანუელას მამა პაპის კარზე იყო დასაქმებული.
შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის გარშემო შეთქმულების თეორიები გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ემანუელა მძევლად აიყვანეს და მის გაცვლას თურქი ტერორისტის სანაცვლოდ ითხოვდნენ, რომელიც პაპის, იოანე პავლე II-ის მკვლელობის მცდელობის გამო იყო დაკავებული.
გამოძიების განახლების მიზეზი ემანუელა ორლანდის უფროსი ძმის მოთხოვნა გახდა. იგი ემანუელას საქმეზე სიმართლის გარკვევაში აქტიურადაა ჩართული და ამასთან დაკავშირებით სასამართლოს არაერთხელ მიმართა.
რამდენიმე კვირის წინ ემანუელა ორლანდის საქმის ინსპირაციით Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. პროექტში მონაწილეობა ემანუელას მეგობარმა გოგონამ მიიღო. მან ინტერვიუში გაამხილა, რომ, მისი აზრით, მოზარდს პაპთან დაახლოებული პირი დაესხა თავს.
ადვოკატის თქმით, ოჯახმა გამოძიების შესახებ მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყო.
„გასულ წელს ამ საკითხთან დაკავშირებით პაპს მივწერეთ. რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ გამოძიება განაახლეს და იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს“. – თქვა ადვოკატმა.
tabula.ge
კომენტარები