საზოგადოებაქართველები უცხოეთში

ბელგიაში საქართველოს მოქალაქის, ტრანსგენდერი ლიზა ქისტაურის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა

ბელგიაში საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ.

როგორც მედიაგამოცემებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.

„ფორმულა“ ავრცელებს ბელგიის პროკურატურის ხელთ არსებულ ინფორმაციას ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით. ბელგიის პროკურატურის ცნობით, გარდაცვლილი ქალი სამართალდამცველებმა ორშაბათს, ანუ 2 იანვარს იპოვეს, რის შემდეგაც მის ცხედარს ავტოფსია ჩაუტარეს, რამაც დანაშაულის ნიშნები გამორიცხა.

„გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა ავტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები“, უთხრეს ფორმულას პროკურატურაში.

ლიზა ქისტაური პოპულარული დაახლოებით ათი წლის წინ გახდა, როდესაც მან ფემინური პერსონაჟების განსახიერება და ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნება დაიწყო. ამის გამო ის ხშირად გამხდარა შეურაცხყოფის სამიზნე. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში დღისით ქუჩაში არასდროს გადიოდა, რომ ფიზიკური თავდასხმის ობიექტი არ გამხდარიყო.

ლიზა კიდევ უფრო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წელს რუსთავი 2-ის რეიტინგულ მუსიკალურ გადაცემა X ფაქტორში გამოჩნდა.

რამდენიმე წლის წინ ის დედასთან ერთად ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close