მსოფლიოკრიმინალი

სროლა პარიზის ცენტრში – შეიარაღებულმა მამაკაცმა, სულ ცოტა, სამი ადამიანი მოკლა

23 დეკემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა პარიზის ცენტრალურ უბანში, ანგიანის ქუჩაზე (rue d’enghien), ქურთების კულტურის ცენტრთან. სროლას სამი ადამიანი შეეწირა, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

თვითმხილველთა და ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ქურთების კულტურის ცენტრს, რესტორანს და საპარიკმახეროს, რომელიც მეტროსადგურ „სტრასბურგი – სენ-დენის“ სიახლოვეს მდებარეობს, პარიზის მე-10 ოლქში. ინციდენტის შემსწრეთა თქმით, 7-8 გასროლა გაიგონეს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა იყოს  დანაშაული რასიზმის ნიადაგზე.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი – 69 წლის მამაკაცი, საფრანგეთის მოქალაქე უილიამ მ. მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციელებისთვის, რომლებმაც იგი განაიარაღეს.

თავდამსხმელი 12 დეკემბერს გამოვიდა ციხიდან, სადაც, პარიზის მთავარი პროკურორის, ლორ ბეკუს თქმით, სასჯელს იხდიდა იმისათვის, რომ პარიზში, ბერსის რაიონში დევნილთა ბანაკის კარავზე მახვილით მიიტანა იერიში გასული წლის 8 დეკემბერს. რატომ გამოუშვეს უკვე ციხიდან, ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება. ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

მომხდარს ქურთების მძაფრი პროტესტი მოჰყვა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პროტესტის მონაწილეებმა გადააყირავეს ნაგვის კონტეინერები და რესტორნების მაგიდები. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ, რომ ფრანგულმა პოლიციამ ისევ ვერ დაიცვა საფრანგეთში მცხოვრები ქურთები.

პოლიციამ შეტაკებების დროს ცრემლმდნი გაზი გამოიყენა, ქურთები სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ.

შეიარაღებული თავდასხმიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა მაკრონმა ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა. „საფრანგეთის ქურთებზე საძაგელი თავდასხმა განხორციელდა პარიზის გულში. ვწუხვარ მსხვერპლის გამო, თანაგრძნობას ვუცხადებ მათ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის, მათ ოჯახებს და ახლობლებს. მადლობას ვუხდი უსაფრთხოების ძალებს მამაცობისა და სიმტკიცისთვის“, – დაწერა ემანუელ მაკრონმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close