ეკონომიკასაზოგადოება

„ჰაერი ამერიკიდან“ – კლიენტები USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ

კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე და ქვეყანაში ახალი სტანდარტები დანერგა, ახლა ასობით კლიენტი უჩივის. კონკურენციის სააგენტო ერთ დროს სამაგალითო USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ 70-მდე საჩივარს განიხილავს.

ნიკოლოზ ურუშაძეს ამერიკიდან ერთი წყვილი წინდის ჩამოტანა 60 ლარზე მეტი დაუჯდა, თავად წინდაში სულ 8 დოლარი (22 ლარი) მისცა. ნიკოლოზი USA2GEORGIA-ს ძველი კლიენტია. ადრე მას 60 ლარი 2,2 კილოგრამი ნივთის ჩამოტანა უჯდებოდა. რა მოხდა ამჯერად?

კომპანიამ 15 ნოემბრიდან ხარჯების დათვლის სისტემა შეცვალა. ნიკოლოზს წინდა ამერიკიდან თბილისში ყუთით ჩამოვიდა. ყუთის სიგრძე 35 სანტიმეტრი იყო, სიგანე – 22, სიმაღლე კი 17 სანტიმეტრი. USA2GEORGIA-მ ამანათის ჩამოტანის ღირებულება არა წონის, არამედ მოცულობის გათვალისწინებით გამოიანგარიშა.

„ის, რომ საახალწლოდ გადაწყვიტეს მოცულობით დაეთვალათ წონა, არასამართლიანია და ჩვეულებრივ თაღლითები არიან… ალბათ, ასე აწყობდათ, რომ მომხდარიყო, თორემ რომ ნდომოდათ ხალხს გაეგო, გააგებინებდნენ – ის სიურპრიზი არ დამხვდებოდა, რომ 100-გრამიან ნივთში რამდენიმე კილო დათვალეს… კიდევ ჩუსტი ჩამოვიტანე და გადავიხადე 100 ლარი, ბოტასშიც 100 ლარი – ალოგიკურია. ყუთს თვლიან [იგულისხმება მოცულობა – რ.თ.] და არა რეალურ წონას…“ – ამბობს ნიკოლოზი.

კომპანიის სერვისით უკმაყოფილო მომხმარებლები Facebook-ზე „USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფში“ გაერთიანდნენ. ნივთების გვიან ჩამოტანით დაწყებული, გამოწერილი ამანათების დაკარგვით დამთავრებული – ამ ჯგუფში ყველა თავის პრეტენზიას წერს, თუმცა უმრავლესობა ჩამოტანის გაძვირებითაა უკმაყოფილო. თუკი აქამდე კომპანია „რეალური წონის“ (რასაც ნივთი რეალურად იწონის) საფასურს ახდევინებდა კლიენტებს, ახლა უკვე მოცულობით ითვლის წონის ფასს.

ფეისბუკზე 2600-ზე მეტი მომხმარებელი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

  • „გამოვიწერე „ადიდასიდან“ ჩუსტები 14 დოლარად, გადასახდელ თანხად მიწერს 78 ლარს. არ მინდა, ჩაიცვან თვითონ ეგ ჩუსტები”;
  • „300-გრამიანი საათი 33 ლარად. მე მგონი, რეკორდი მოვხსენი“;
  • „30-მილიგრამიანი სუნამო რანაირად გამოვიდა 1 კგ?!“
  • „აქ ვიწუწუნო 197 დოლარის ტრანსპორტის ღირებულებაზე?“
  • „ფისოს ტუალეტი გამოვიწერე, ჩემსაზე ძვირი თუ დამიჯდებოდა, რას ვიფიქრებდი“;
  • „დღეს 158-გრამიან ყურსასმენში 42 ლარი გადავიხადე“.

კომპანია 2008 წელს შეიქმნა. ათასობით გამომწერს დღეს უკვე ამერიკიდან ჩამოტანილი ამანათების მიღება თბილისის 8 ფილიალში შეუძლია.

მაგალითად, კომპანიის ვაჟა-ფშაველას ფილიალიდან, ეს USA2GEORGIA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია, ნივთები ყოველდღე ათეულობით ადამიანს გამოაქვს.

„ორი ცალი კისრის ბალიში გამოვიწერე ჩემთვის და ჩემი დისთვის, ერთი ცალი ბატარეა. ეს ყველაფერი მოცულობის მიხედვით წონით დაითვალეს და 175 ლარი გადამახდევინეს. არ ვიცი… „ცხელ ხაზზე“ ნახევარი საათი ვიცდიდი, ვუთხარი, რომ რამით დამხმარებოდნენ – რაღაც გაეკეთებინათ, არ ვიცოდი, რომ ასე ითვლიდნენ, ფასში ძალიან დიდი განსხვავება იყო, პასუხი ვერ მივიღე“, – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა ამანათის გამოტანის შემდეგ.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close