დასახელდა ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი
„ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის“ (BFI) ჟურნალმა Sight and Sound ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა.
რეიტინგში პირველ ადგილზეა ბელგიელი რეჟისორის, შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი, სავაჭრო სანაპირო 23. 1080 ბრიუსელი“ (Jeanne Dielman, 23 Commerce Quay, 1080 Bruxelles; ბელგიის და საფრანგეთის კოპროდუქცია, რომელიც 1975 წელს გამოვიდა).
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ (1958, აშშ) და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“ (1941, აშშ). მეოთხე ადგილზეა იაპონური დრამა „ტოკიოური ამბავი“ (რეჟ. იასუძირო ოზუ, 1953) და ვონგ კარ-ვაის „სასიყვარულო განწყობა“ (2000, ჰონკონგი, საფრანგეთი).
რეიტინგის შედგენამდე ჟურნალმა 1639 სპეციალისტს – კინოკრიტიკოსებს, პროგრამისტებს, კურატორებს, არქივარიუსებს და მეცნიერებს – საკუთარი საუკეთესო ათეულის დასახელება სთხოვა.
ჟურნალის მიერ წარმოდგენილი რეიტინგის პირველ ათეულშია (მე-9 პოზიციაზე) ებრაული წარმოშობის საბჭოთა რეჟისორის, ძიგა ვერტოვის (დევიდ კაუფმანი) დოკუმენტური ფილმი „კაცი კინოკამერით“ (1929 წ.).
100 საუკეთესო ფილმს შორის მე-12 ადგილზეა ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლია“, მე-20-ზე – აკირა კუროსავას „შვიდი სამურაი“ (ამავე რეჟისორის „რასიომონი“ 41-ე პოზიციაზეა), 31-ზე – ფელინის „8½“. ასეულში კიდევ ერთი საბჭოთა რეჟოსორის, ანდრეი ტარკოვსკის 3 ფილმი მოხვდა: „სარკე“, „სტალკერი“ და „ანდრეი რუბლიოვი“.
მიქელანჯელო ანტონიონი, სპაიკ ლი, ანიეს ვარდა, ჟან-ლიუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფო, რაინერ მარია ფასბინდერი, სტენლი კუბრიკი, ვიტორიო დე სიკა, ბილი უაილდერი, ჩარლი ჩაპლინი, ჟან ვიგო, მარტინ სკორსეზე, რობერ ბრესონი, ინგმარ ბერგმანი, აბას კიაროსტამი, ჟან რენუარი… – აი, იმ სახელგანთქმული რეჟისორების არასრული ჩამონათვალი, რომელთა ფილმებიც ყველა დროის საუკეთესო ასეულშია. აღსანიშნავია, რომ Sight and Sound-ის რეიტინგში გახმაურებული ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის არცერთი ფილმი არ მოხვდა.
ნუცა ყაველაშვილი
ფილმების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: bfi.org.uk/sight-and-sound/greatest-films-all-time
კომენტარები