ძლიერი უამინდობა იტალიაში – MOSE-მ ვენეცია გადაარჩინა (ვიდეო)
დამცავი რაბების გარეშე ქალაქის ისტორიული ნაწილის 82% დაიტბორებოდა
ვენეციაში დღეს (22 ნოემბერი, 2022) 09:40 სთ-ზე მოქცევის სიმაღლემ ადრიატიკის ზღვის დონიდან 173 სმ-ს მიაღწია, თუმცა MOSE-მ წარმატებით იმუშავა და ქალაქი დაიცვა. მის გარეშე ვენეციის ისტორიული ნაწილის 82% დაიტბორებოდა.
პროგნოზით, პიკი 170 სმ უნდა ყოფილიყო. დამცავი რაბების ფუნქციონირება ღამის 2:00 საათიდან დაიწყო სამ შესასვლელზე. დღევანდელი მოქცევა მესამე იყო „მაღალი წყლის“ (acqua alta) დონით 1966 წლის 4 ნოემბრის (194 სმ) და 2019 წლის 12 ნოემბრის მოქცევის (187 სმ) შემდეგ.
ლაგუნის ზოგიერთ ადგილას მოქცევის სიმაღლემ 184 სანტიმეტრს მიაღწია. „მოქცევა უჩვეულოდ ძლიერი იყო, მაგრამ ქალაქი მშრალი დარჩა“, – განაცხადა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა, ხოლო ქარის სიჩქარე – 53 მ/სთ-ს.
დამცავი ნაგებობების ახალმა კომპლექსმა – MOSE-მ ფუნქციონირება 2022 წელს დაიწყო. რაბების სისტემას 17 წლის განმავლობაში აპროექტებდნენ და აშენებდნენ. სხვადასხვა შეფასებით, პროექტის განხორციელებისთვის 5,5-იდან 7 მილიარდამდე ევრო დაიხარჯა.
იტალიაში უამინდობა გრძელდება. ციკლონ პოპეას შედეგები თითქმის მთელ ნახევარკუნძულზე იგრძნობა, განსაკუთრებით – კამპანიაში, აგრეთვე, კალაბრიაში. ძლიერი უამინდობაა ჩრდილო-აღმოსავლეთში, უხვი თოვლი მოვიდა ალპებში, მთების სიმაღლეზე. ქრის შტორმული ქარი.
ვიდეო: ძლიერი შტორმი რომის სანაპიროზე – ოსტიას ზიანი მიადგა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ციკლოპი პოპეა ბალკანეთისკენ გადაინაცვლებს და ხვალ იტალიაში ამინდი გამოსწორდება, თუმცა დაბალი ტემპერატურა თითქმის ყველგან შენარჩუნდება.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე:
მსგავს თემაზე: ნამდვილი აპოკალიფსი ვენეციაში: წყლის დონე – 187 სმ, ორი ადამიანი დაიღუპა (ფოტოები და ვიდეო)
ნამდვილი აპოკალიფსი ვენეციაში: წყლის დონე – 187 სმ, ორი ადამიანი დაიღუპა (ფოტოები და ვიდეო)
მსგავს თემაზე: ვივალდის უნიკალური ხელნაწერი პარტიტურა წყალდიდობას გადაურჩა
კომენტარები