მსოფლიოპოლიტიკა

ინდური წარმოშობის რიში სუნაკი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთი ვადამდელ არჩევნებს გადაურჩა – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. რიში სუნაკი, ხაზინის ყოფილი კანცლერი (ფინანსთა მინისტრი), ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერ-მინისტრი მეფე ჩარლზ მესამესთან აუდიენციის შემდეგ. მეფემ მას ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაავალა.

42 წლის რიში სუნაკი მიმდინარე წელს ბრიტანეთის მესამე პრემიერია (ბორის ჯონსონის და ლიზ ტრასის შემდეგ) და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ბოლო 200 წლის განმავლობაში. როგორც „ბიბისი“ იუწყება, იგი, ამავე  დროს, ბრიტანეთის მთავრობის პირველი მეთაურია, რომელსაც აზიური ფესვები აქვს.

რიში სუნაკმა პრემიერად გახდომის შემდეგ წარმოთქმულ მოკლე სიტყვაში თქვა, რომ ბრიტანეთი გამოვა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს კორონავირუსის ეპიდემიის შედეგები.

მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერად და პრემიერ-მინისტრად აირჩიეს იმისათვის, რომ მისი წინამორბედის [ლიზ ტრასი – რედ.] მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და განაცხადა, რომ ამაზე დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას.

„ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებ არა სიტყვებით, არამედ საქმეებით, – თქვა მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, – ყოველდღიურად ვიმუშავებ, რათა შედეგებს მივაღწიო“.

რიში სუნაკი პრემიერ-მინისტრი რთულ დროში გახდა – მის პარტიაში განხეთქილებაა, ოპოზიცია კი დაუყოვნებლივ მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, რადგან ლეიბორისტებს მიაჩნიათ, რომ კონსერვატიულ პარტიას მორალურად აღარ აქვს ქვეყნის მართვის უფლება.

ბორის ჯონსონმა, რომელიც თავიდან ისევ აპირებდა პრემიერის პოსტისთვის ბრძოლას, მაგრამ მალევე გადაიფიქრა (სავარაუდოდ, მისი შანსების დაბალი შეფასების გამო – დაახლოებით 5%-ის ფარგლებში), სუნაკს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა და თანაპარტიელებს შეახსენა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ახალ პრემიერ-მინისტრს სრული და გულითადი მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ლეიბორისტებს მიაჩნიათ, რომ რიში სუნაკი სიტუაციას ვერ გამოასწორებს, ამიტომ ქვეყნისთვის აუცილებელია, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და საყოველთაო არჩევნები ჩატარდეს. მათი თქმით, სუნაკი კონსერვატორების 12-წლიანი დამანგრეველი მმართველობის ცენტრში იყო.

აღსანიშნავია, რომ რიში სუნაკის წინამორბედის, ლიზ ტრასის ეკონომიკური პროგრამით გამოწვეული კრიზისის შემდეგ კონსერვატორების რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და რაღაც მომენტში 15%-საც კი არ სცდებოდა.

რიში სუნაკი ინდური წარმოშობისაა. მისი მშობლები – პროფესიით ექიმები დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩავიდნენ, სადაც კოლონიური ეპოქიდან არსებობს ინდური დიასპორა. მოკრძალებული სოციალური მდგომარეობის მიუხედავად სუნაკმა პრესტიჟული განათლება მიიღო: თავიდან ელიტურ ვესტმინსტერის კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ ბაკალავრის პროგრამა ოქსფორდში გაიარა, MBA კი – სტენფორდში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რიში სუნაკი კერძო სექტორში მუშაობდა და საკუთარი გლობალური საინვესტიციო კომპანიაც კი დააარსა 1 მლრდ-იანი ბრუნვით, რომელიც დიდ ბრიტანეთში მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე იყო სპეციალიზებული, თუმცა 2014 წელს პოლიტიკაში წავიდა და 2015 წელს სწრაფად დაწინაურდა კონსერვატიული პარტიის რიგებში. მან რიჩმონდის ოლქში (იორკსი) საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა 51,4 პროცენტით.

42 წლის რიში სუნაკი დაოჯახებულია. მისი მეუღლე აკშატე მურტი ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის – ნარაიანა მურტის ქალიშვილია.

Sunday Times Rich List-ის თანახმად, სუნაკების ერთობლივი ქონება 730 მლნ ფუნტ სტერლინგს უდრის (827 მლნ დოლარი). სუნაკის ცოლი მამამისის IT-იმპერიის შთამბეჭდავ წილს ფლობს – 430 მლნ ფუნტ სტერლინგს (487 მლნ დოლარი). The Washington Post-მა დაწერა, რომ რიში სუნაკი ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფეზე მდიდარია.

ნინო ხოშტარია

რიში სუნაკი მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად, Instagram

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close