და მაინც, რა თქვა მოსამართლემ და რატომ გაამართლა ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი
სკანდალური სასამართლო პროცესი ყოფილ ცოლ-ქმარს – საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მოდელ ნელი დოროყაშვილს შორის, რომელიც თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა, არანაკლებ სკანდალურად დასრულდა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. აქვე ვიტყვით, რომ ბრალდების მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საჯაროა და მოსამართლემ ის განმარტა, ალბათ იმიტომ, რომ იურიდიული ენა სპეციფიკურია და მის ლაბირინთებში გარკვევა რთულია, ჩოგბურთელის გამამართლებელმა განაჩენმა აზრთა სხვადასხვაობა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ამიტომ nostal.ge კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ თემას და გთავაზობთ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოსტს, სადაც „ხალხურ“ ენაზეა „გადმოთარგმნილი“ სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ესე იგი, რადგან ყველა თავისებურად ჰყვებოდა, რა თქვა ბასილაშვილის მოსამართლემ და ვერაფერი გავიგე, არ დავიზარე, გადავახვიე, ვუსმინე და თქვენთვისაც ჩავინიშნე მისი მთავარი არგუმენტები, რათა ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაინც იმსჯელოთ.
მაშ ასე, რა თქვა მოსამართლემ:
1. პირველი ბრალი: ფსიქოლოგიური ძალადობა გამოხატული სიტყვიერ შეურაცხყოფაში – იყო ჩანაწერებიო, სადაც ნიკოლოზი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნეკას, მაგრამ ამავე ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ არანაკლებ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაეთიკური სიტყვებით მიმართავდა ნეკა ქმარს და დაცვის მხარემ წარმოადგინა ფსიქოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბასილაშვილმა ამ დროს განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვაო. ეს ბრალდებამ ვერ გააბათილაო. პლუს სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადად შევაფასოთ, მას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი დროის მცირე მონაკვეთში, რაც არ დასტურდებაო.
2. შემდეგი ბრალი: ეკონომიკური ძალადობა, რაც გამოიხატებოდა ბარათის სისტემატურ დაბლოკვაში და უსახსროდ დატოვებაში – ნელის ჩვენებითო, ეს ხშირად ხდებოდაო და ასევე მოხდა ამერიკაში ყოფნის დროსაცო, რის შემდეგაც იძულებული გავხდი, დახმარება მიმეღო მამის მეგობრისგანო. სასამართლო დაინტერესდა, ვინ იყო ეს მამის მეგობარიო, თუმცა სასამართლოს გასაოცრად, დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის ვინაობა, რითაც დაცვის მხარეს მოუსპო გამოძიების ჩატარების საშუალებაო. შესაბამისად, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაშიო.
ასევე ბანკიდან ამონაწერები გამოვითხოვეთ, მაგრამ არცერთში არ ჩანს, რომ ეს ბარათი ოდესმე იბლოკებოდაო. ბრალდებამ ვერც თავის მხრივ წარმოადგინა სხვა მტკიცებულება ბარათების დაბლოკვისო.
3. შემდეგი ბრალი: გენდერული დისკრიმინაციაო – ნელი ამბობდაო, რომ ქმარი უშლიდა მუშაობასო. ბასილაშვილის დედამ წარუდგინა სასამართლოს მიმოწერებიო, სადაც ნელი წერს, რომ სამსახური მას ხელს არ უწყობს, რომ ნიკოლოზს გაჰყვეს ტურნირებში და ამიტომ უნდა სამსახურიდან წამოსვლა და რა შუაშია დაშლაო.
ასევე თურქეთში ჰქონდა კონტრაქტი ნელის და მის დარღვევაშიც ქმარს ადანაშაულებდაო, მაგრამ სასამართლოს წარუდგინეს ნელის კიდევ ერთი მიმოწერა, სადაც ნელი იმ პიროვნებას სწერს, რომ ძალიან ენატრება შვილი და ქმარი და ამიტომ უნდა წამოსვლა თურქეთიდანო.
ასევე ნელი ამბობდა, რომ ქმარი სიგარეტის მოწევას მიკრძალავდაო, მაგრამ ფარულ ჩანაწერში ჩანს, რომ ნიკა ზოგადად კი არ უკრძალავს მოწევას, არამედ ეუბნება, რომ ჩემს მოსვლამდე მოწიე, სპორტსმენი ვარ, ჯანსაღად ვცხოვრობ და არ მინდა კვამლს ვსუნთქავდეო.
4. შემდეგი ბრალი: ფიზიკური ძალადობა, სადაც სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ყველაზე მეტი მტკიცებულება იქნებოდაო.
პირველი ეპიზოდი იყო ამერიკის ეპიზოდი, სადაც დაზარალებული ამბობდა, რომ საათი-საათ-ნახევარი გრძელდებოდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, ხელებით და ფეხებით. თმითაც მათრიაო. შემდეგ ჩავწექი ლოგინში და დავიწყე ვიდეოს გადაღება, რა დროსაც ჩოგნებით სავსე ჩანთა ჩამარტყაო. სასამართლოს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ამ ამბის მერე ნელი ამერიკაშივე წავიდოდა პოლიციაში და წარადგენდა ამ ჩანაწერსო, მაგრამ ორი წელი ინახა და ახლა წარმოადგინა საქართველოშიო.
ნელი არ მიდის პოლიციაში და მიდის მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც მას არავისთვის უთქვამს, რომ იყო ძალადობის მსხვერპლიო, მხოლოდ დედამთილს ლანძღავდა და არკვევდა, მისი ქმარი სად წავიდა, ვღელავ ნიკოლოზზეო. ასევე დაბადების დღეზე მყოფი ხალხი ამბობს, რომ ნელის სხეულის ხილულ ნაწილებზე არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობოდაო. წარმოდგენილია ასევე იმ დღეს გადაღებული ფოტო, სადაც ასევე არ ჩანს ძალადობის კვალიო. ნელი რომ იმ დღეს პოლიციაში წასულიყო, ექსპერტიზის დასკვნა მაინც გვექნებოდა, მაგრამ არ წავიდაო.
რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, იქ აშკარა ძალადობის ფაქტი არ ჩანსო. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრალდება წარმოადგენდა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იტყოდა, კადრებზე ჩანდა, თუ არა ძალადობა, მაგრამ ასეთი ექსპერტიზა არ წარმოადგინესო.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საბოლოო სიტყვაში ყველანაირი ძალადობა უარყო და თქვაო, რომ ის თავად იყო ნელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რამეთუ მასზე ხორციელდებოდა ტოტალური კონტროლი, რადგან ნელი ეჭვიანობდა ყველაზე, ყველა მიმოწერას მიკონტროლებდა და მოითხოვდა, მხოლოდ იმ ხალხთან მემეგობრა, ვინც მას მოსწონდაო.
ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებად ერთი ფოტო წარმოადგინეს ჩალურჯების, სადაც კიდური ჩანს, მაგრამ არ ჩანს სახე ანუ ვერ დგინდება, ვინაა ასახულიო.
რაც შეეხება ბოლო ეპიზოდს (რის მერეც ნელიმ პატრული გამოიძახა და დააკავეს ნიკოლოზი), იმ დღეს ბავშვი მამას ჰყავდა წაყვანილი ავჭალის სახლშიო. რადგან ნელის მოთხოვნით ნიკას დედაზე ადრე იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, იმ სახლში მისვლის სურვილი მას წესით არ უნდა გასჩენოდაო. ასევე იმ სახლში იყო ნიკას ახალი მეგობარი გოგონაც და ბასილაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნელი რაღაც პროვოკაციას გეგმავდაო. ამის მერე ნიკამ თავის ძმას დაურეკა და სთხოვა ვიდეოსათვალთვალო კამერა ეყიდა და სახლთან დაემონტაჟებინაო. საღამოს მიდის ნელი და იქ მართლაც ადგილი აქვს უთანხმოებასო. რა დროსაც ნელის მტკიცებით, ის გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიო. საპირწონედ დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელზეც არ ჩანს ფიზიკური ძალადობაო.
ამის მერე ნელი წავიდა ტაქსით და ტაქსიდან დარეკა 112-შიო და უთხრა, რომ ძალადობა მოხდაო. ოპერატორი ეკითხება, სასწრაფო ხომ არ გინდაო, ნელიმ იუარა სასწრაფოს გამოძახებაო. მაგრამ 112 -მა მაინც გამოიძახაო. სასწრაფოს ექიმი ამბობს, რომ ნელის კანზე ჰქონდა ესკორიაცია, როცა ექსპერტმა თქვა სისხლნაჟღენთი იყოო. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ადრინდელი ხომ არ იყო ეს ესკორიაციაო.
რაც შეეხება სისხლნაჟღენთს, ჩანაწერში ჩანს, რომ ნელის ხელში ბავშვი უჭირავს, რომელიც მოძრაობს და შეიძლება ბავშვს მიეყენებინა ეს ჩალურჯებაო. ასევე არაა გამორიცხული, რომ ნიკას და ნელის კონტაქტის დროს, როცა ბავშვს აწვდის, ნიკასგანაც მიეღო ეს სისხლნაჟღენთი, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩანაწერში არსად ჩანს, რომ ნიკა განზრახ აყენებს რაიმე დაზიანებასო.
შესაბამისად, ამ ეპიზოდშიც არ იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც დაადასტურებდა ნიკოლოზის მხრიდან ძალადობასო.
ეს თქვა მოსამართლემ. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ“, – წერს ჟურნალისტი.
კომენტარები