მსოფლიო

The Times: პუტინმა უკრაინისკენ ბირთვული დივიზიის ეშელონი გაგზავნა

ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინისკენ ბირთვული დივიზიის სამხედრო მატარებლები გაგზავნა.

გამოცემა წერს, რომ NATO-მ, სავარაუდოდ, წევრები გააფრთხილა, რომ პუტინი აპირებს გამოხატოს მასობრივი იარაღის გამოყენების მზადყოფნა უკრაინის საზღვრებთან ბირთვული ტესტირებით.

აქამდე ცენტრალური რუსეთიდან გავრცელდა კადრები, რომელშიც სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი ჩანდა. პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსი კონრად მუზიკა წერდა, რომ ეს ეშელონი დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოსთან, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვულ მასალებზე, მათ შენახვაზე, შენარჩუნებაზე, ტრანსპორტირებასა და შესაბამისი დანაყოფებისთვის მათ გადაცემაზე.

ბრიტანულ გამოცემასთან ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ უფრო მეტად სავარაუდოა, პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების დემონსტრირება შავ ზღვაში მოახდინოს.

გასულ დღეებში იტალიურ მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომლის მიხედვით, NATO-მ მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთი ბირთვული შესაძლებლობის მქონე ტორპედო „პოსეიდონის“ გამოცდას აპირებს.

სავარაუდოდ, რუსული წყალქვეშა ნავი K-329 ბელგოროდი არქტიკისკენ მიემართება. იტალიური გაზეთი La Repubblica-ს ცნობით, ტორპედოს გამოცდას რუსები სწორედ კარის ზღვაში აპირებენ.

მედიაში გავრცელებული ცნობები ჯერჯერობით დაუდასტურებელია, თუმცა გასულ დღეებში ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შანტაჟი მკვეთრად განაახლა.

პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთი  საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დაიცავს. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს.

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, „უნდა იცოდნენ, რომ ქარმა შესაძლოა მათი მიმართულებით იცვალოს პირი”.

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამარხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში მათ დასაცავად შესაძლოა სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close