მსოფლიოეკონომიკა

ესპანეთში პირველი სექტემბრიდან მატარებლით მგზავრობა უფასოდაა შესაძლებელი

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მაცხოვრებლებს „საჩუქარი“ გაუკეთა – მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე მათ შეუძლიათ უფასოდ იმგზავრონ საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით.

ეს ეხება ესპანეთის ყველა მაცხოვრებელს, განურჩევლად მათი ფინანსური მდგომარეობისა და მოქალაქეობისა. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მატარებლებს, მგზავრები ზოგიერთ მშემთხვევაში 50%-იანი ფასდაკლებით იმგზავრებენ. 1-ლი სექტემბრიდან შემოღებული ეს შეღავათი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე და შესაძლოა მომავალ წელსაც გაგრძელდეს. ამ ინიციატივის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონი ევრო გამოიყო.

სამთავრობო  ვებსაიტის თანახმად, მატარებლით უფასო მგზავრობა „ნაციონალური გეგმის ნაწილია ქვეყანაში უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად“ და, ასევე, მიზნად ისახავს მოსახლეობის წახალისებას – „გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტს პირადი ტრანსპორტის ნაცვლად, რაც ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას და გარემოს დაბინძურებას შეამცირებს“.

როგორც ტრანსპორტის, მობილობისა და ურბანული განვითარების მინისტრმა რაკელ სანჩესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, უფასო მგზავრობა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ინიციატივით შემოიღეს, როგორც ღონისძიება „ინფლაციური პროცესებით გამოწვეული ოჯახების ფინანსური პრობლემების შესამსუბუქებლად ესპანეთსა და მთლიანად ევროკავშირში“. ეს პროცესები, მინისტრის თქმით, „რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგია“.

სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, წელს ესპანეთში ინფლაციამ უკვე 10,8%-ს მიაღწია – ძირითადად, საკვებისა და ენერგომატარებლების გაძვირების გამო. შრომისუნარიანი მოსახლეობის 13% უმუშევარია, პროდუქციის გაძვირების გამო დაეცა მოხმარების დონე, ასე რომ, უფასო მგზავრობა, როგორც რაკელ სანჩესმა აღნიშნა, დროულად დაინერგა, რადგან ეს საშუალებას მისცემს ოჯახებს, წლის ბოლომდე 200-იდან 1000 ევრომდე დაზოგონ.

სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია RENFE-ს წარმომადგენელმა ედუარდო მუნიოსმა „დოიჩე ველეს“ განუმარტა, რომ უფასო სამგზავრო ბილეთების შეძენა შესაძლებელია QR კოდის სახით ონლაინ ან პლასტიკური ბარათის სახით ესპანეთის მატარებლის სადგურებზე. მათი გაცემა უკვე დაიწყო 24 აგვისტოს. სექტემბრის დასაწყისისთვის უფასო აბონემენტის მფლობელად უკვე დარეგისტრირებულია დაახლოებით 400 ათასი ადამიანი. ყველა აბონემენტი  რეგისტრირებულია და ძალაშია მხოლოდ მფლობელის საცხოვრებელ რეგიონში. ახალი ღონისძიების განსახორციელებლად RENFE-ს პერსონალის გაზრდა მოუწია – კომპანიამ 850 თანამშრომელი დაიმატა.

უფასო სამგზავრო ბარათები განკუთვნილია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რეგულარულად უწევთ მგზავრობა სამუშაოდ ან სასწავლებლად, – ამბობს RENFE-ს წარმომადგენელი, ამიტომ მათი მიღებისას საგარეუბნო მატარებლების მგზავრებმა 10 ევროს ოდენობის დეპოზიტი უნდა დარიცხონ, ხოლო რეგიონული მატარებლების მგზავრებმა – 20 ევროს დეპოზიტი. თუ საშვის მფლობელები 31 დეკემბრამდე 16-ზე ნაკლებ მოგზაურობას განახორციელებენ, მათ თანხა არ დაუბრუნდებათ. ამავდროულად, 2023 წლის 31 იანვრამდე ბილეთებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ზოგიერთი მაღალსიჩქარიანი რეგიონთაშორისი მატარებლის მგზავრებისთვის, ეს ღონისძიება ეხება მხოლოდ მათ, ვინც აბონემენტს მინიმუმ 10 მგზავრობისთვის ყიდულობს.

DW-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც მადრიდის სატელიტური ქალაქის – ფუენლაბრადის სარკინიგზო პლატფორმაზე იმყოფებოდა, რომელიც დედაქალაქიდან სამხრეთით, 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ადგილობრივი მგზავრების ბლიც-გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი სიახლით კმაყოფილები არიან.

ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ინიციატივას იწუნებს –  ესპანეთის ავტობუსების კონფედერაციამ (Confebus) მკვეთრად გააკრიტიკა მთავრობის ნაბიჯი. მისმა ლიდერმა რაფაელ ბარბადილომ პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებაში მას „არასწორად ჩაფიქრებული, საშიში და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ხელშემწყობი“ უწოდა. მისი აზრით, ღონისძიება ავტობუსის მგზავრების რაოდენობის შემცირებას და მრავალი სატრანსპორტო კომპანიის გაკოტრებას გამოიწვევს, ხოლო სხვა კომპანიები იძულებულები იქნებიან, ტარიფი გაზარდონ იმ მარშრუტებზე, სადაც სარკინიგზო კონკურენცია არ არსებობს.

ბარბადილოს გაფრთხილებით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც მატარებლები ისევ ფასიანი გახდება, ბევრ მგზავრს მოუნდება უფრო ეკონომიური ტრანსპორტის – ავტობუსების გამოყენება, მაგრამ ბევრი მარშრუტი აღარ იქნება. მან ხელისუფლებას მოსთხოვა, ავტობუსების მარშრუტებზეც გავრცელდეს უფასო მგზავრობის რეჟიმი და მაგალითად მოიყვანა გერმანია, სადაც გასულ ზაფხულს, ივნის-აგვისტოში სიმბოლურ 9 ევროდ ნაყიდი თვიური ბილეთით შესაძლებელი იყო მგზავრობა არა მხოლოდ მატარებლით, არამედ ავტობუსებითაც (სხვათა შორის, 9-ევროიანი ბილეთის რეჟიმი გერმანიაში 31 აგვისტოს დასრულდა, თუმცა ფედერალური მიწების ხელისუფლებები ფიქრობენ, ალტერნატიული ტარიფები შემოიღონ და ამის თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობს).

მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს ოპოზიციაც – კერძოდ, კონსერვატიული სახალხო პარტია, რომლის წარმომადგენელმა, მადრიდის ავტონომიის მერმა ისაბელ დიას აიუსომ უფასო ბილეთს უწოდა „აბონემენტი არჩევნებზე“.

მისი თქმით, დიდი ქალაქების მშრომელთა გარეუბნების (ე. წ. „წითელი სარტყლები“) მაცხოვრებლები, რომლებიც უმეტესად მატარებლებით სარგებლობენ, როგორც წესი, „მემარცხენე პარტიების ამომრჩევლები არიან და მთავრობამ მათ  გაუკეთა საარჩევნოდ საჩუქარი ყველა ესპანელი გადასახადის გადამხდელის ხარჯზე“.

მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკოსმა თქვა, რომ „ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბიუჯეტის ფული ვიწროპარტიული მიზნებისა და საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის ინტერესებისთვის იხარჯება“. მან დასძინა, რომ მადრიდის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი ისედაც დაბალია და ბოლო 10 წელია, არ შეცვლილა. ამას გარდა, 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და პენსიონერები მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ.

ვნახოთ, მიიღებს თუ არა მხედველობაში მთავრობა ბარბადილოს წინადადებას (რომელიც ნამდვილად შეიცავს საღ აზრს) და გავრცელდება თუ არა უფასო მგზავრობის რეჟიმი ავტობუსებზეც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close